მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანიის დატოვება გადაწყვიტა და მხარი საკუთარ ვიცეპრეზიდენტს დაუჭირა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის მემკვიდრეობა თანამედროვე ისტორიაში შეუდარებელია.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენის მიღწევების მემკვიდრეობა შეუდარებელია თანამედროვე ისტორიაში. ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მან უკვე გადააჭარბა პრეზიდენტების უმეტესობის მემკვიდრეობას, რომლებიც ორი ვადით მსახურობდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჰარისმა სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა ისიც, თუ როგორ გაიცნო პირველად ბაიდენი.
„პირველად ჯო ბაიდენი მისი შვილის, ბოს მეშვეობით გავიცანი. მაშინ ჩვენს შტატებში გენერალურ პროკურორებად ვმუშაობდით და ბო მამის შესახებ ისტორიებს ხშირად მიყვებოდა. ის მიყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორი მამა და როგორი ადამიანია ჯო ბაიდენი. თვისებები, რომლებსაც ბო პატივს სცემდა, ის თვისებებია, რომლებსაც მე ჩვენს პრეზიდენტში ყოველდღე ვხედავ, მისი პატიოსნება, მისი რწმენისა და ოჯახის ერთგულება, მისი დიდი გული და ჩვენი ქვეყნის სიყვარული.
პირადად ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ იბრძვის ყოველდღე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნის წინაშე მისი სამსახურისთვის ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.