სააკაშვილის როლს ვხედავ გამაერთიანებლის როლში, ბიძინა – დამაპირისპირებელი, მიშა – გამაერთიანებელი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებში, – ამის შესახაებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ამასთან, ვაშაძის თქმით, „ერთიანობის“ ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა.
„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გაერთიანება, ბლოკი „ერთიანობა“, რომელშიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ძალიან საინტერესო ახალი ადამიანები. ჩვენი ამოცანაა, შევცვალოთ ხელისუფლება და 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს ევროკავშირმა რუსეთისკენ მისწრაფებებზე, გაიმარჯვოს ერთიანობამ დაპირისპირებაზე, გაიმარჯვოს ძლიერმა საქართველომ სუსტ, დაჩაჩანაკებულ საქართველოზე, გაიმარჯვოს ემიგრანტების დაბრუნებამ ქვეყნიდან ადამიანების წასვლაზე, გაიმარჯვოს დემოგრაფიულმა წინსვლამ დემოგრაფიულ კატასტროფაზე. ეს არის ჩვენი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ამ ერთიანობის იდეით მივალთ აბსოლუტურად ყველა ოჯახში და ავანთებთ იმ ძლიერ ცეცხლს, რომელიც, საბოლოო ჯამში, გააერთიანებს საქართველოს.
რაც შეეხება სხვებს, ეს მათი საქმეა, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საკითხებში, ყველასთვის გზა დაგვილოცნია, „ქართული ოცნების“ გარდა, რომელსაც რუსეთისკენ მიჰყავს საქართველო. ჩვენ ხომ გვინდა, ევროკავშირის წევრები ვიყოთ, თქვენც გინდათ, რომ ორჯერ მეტი ხელფასი გქონდეთ, რომ თქვენი ოჯახის ყველა წევრი დასაქმებული იყოს, რომ სამუშაო ადგილი არავის უჭირდეს. ეს არის ევროკავშირი და ამას გვართმევს „ქართული ოცნება“.
მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მე მიხეილ სააკაშვილის როლს ვხედავ გამაერთიანებლის როლში. ბიძინა – დამაპირისპირებელი, მიშა – გამაერთიანებელი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.