სამთავრობო მედიები, POS TV, რუსთავი 2, იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობენ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ვეტერანები იკითხებიან, ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მომზადებასაც ეხება. მათი გადმოცემით, ტერაქტები ჯერ კიდევ მზადების პროცესშია.
აღნიშნულის შესახებ სამთავრობო მედია სუს-ის მიერ სასამართლოში გამოკითხული მებრძოლის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის კომენტარზე დაყრდნობით საუბრობს, თუმცა, რეალურად, რამიშვილმა მხოლოდ გამოკითხვის შინაარსზე ისაუბრა და მტკიცებით ფორმაში არაფერი უთქვამს.
“კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების… ეს არის ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ქართული ოცნების მაღალ ეშელონებს. […]
თურმე, იგეგმება საქართველოში ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება”. – თქვა გამოკითხვის შემდეგ რამიშვილმა და ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად დააზუსტა, რომ ამ ადამიანებს შორის ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილია.
ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბიძინა ივანიშვილის აფეთქება, რამიშვილმა უპასუხა: “არა, ესე აფეთქება… ღმერთმა დაიფაროს”.
Წყარო: ტაბულა