საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მხოლოდ მისასალმებელია, თუ გამოჩნდება ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჯანსაღ კონკურენციას გაუწვეს „ქართულ ოცნებას“. თუმცა, კობახიძის თქმით, საზოგადოებას დღეს არ აქვს სხვა ალტერნატივა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც გარედანაა თავსმოხვეული, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს, რომ მათ გარედან ექნებათ მწვანე შუქი იმ ყველაფრის გამეორებაზე, რასაც 2004 წლიდან 2012 წლამდე აკეთებდნენ.
„რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნება“ 12 წელი ინარჩუნებს ხელისუფლებას, ოთხი წელი გარანტირებულად შეინარჩუნებს და კიდევ, სულ მცირე, რვა წელი გვაქვს ამბიციები, ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა – ჩვენ, პრაქტიკულად, არ გვაქვს ალტერნატივა და ქართულ საზოგადოებასაც არ აქვს არავითარი ალტერნატივა. ერთადერთი ალტერნატივა, რასაც გვთავაზობენ გარედან, გარედან თავს მოხვეული ალტერნატივა არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს არა მხოლოდ იმის გამეორებას, რასაც აკეთებდნენ 2004 წლიდან 2012 წლამდე, არამედ ნიშნავს იმის გაორმაგებულად გამეორებას. ამაზე მათ ექნებათ მწვანე შუქი, მათ შორის გარედან იმ ძალებისგან, რომლებიც არიან დღეს არაკეთილგანწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ. თქვენ გახსოვთ, რომ ისინი გარედან მწვანე შუქის პირობებში ჩადიოდნენ იმ დანაშაულებს, რომლებიც ჩაიდინეს. ეს იყო პატიმრების წამება, სად იყო მაშინ კრიტიკული განცხადებები. ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს. ამაზე ერთადერთი კონდოლიზა რაისმა და მაკკეინმა თქვეს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. ეს განცხადება იყო, მაგრამ პატიმრების წამებაზე არავითარი, არცერთი ხმამაღალი განცხადება არ გაკეთებულა, ვიდრე საჯარო არ გახდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა უშუალოდ არჩევნების წინ. წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში საუბრობდნენ, რომ პატიმრებს აწამებდნენ, იყო არაადამიანური მოპყრობის, წამების სისტემური პრაქტიკა, არცერთი ხმამაღალი განცხადება ამაზე არ გაკეთებულა. იცით, ბიზნესის რეკეტის როგორი სისტემური პრაქტიკა არსებობდა 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით. არცერთი ხმამაღალი განცხადება არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. არჩევნების გაყალბება – მარტო 2008 წლის მარნეულის შედეგები ამოიღეთ და ნახავთ, როგორი იყო ტოტალური გაყალბება. არცერთი ხმამაღალი განცხადება, პირიქით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „გაუპრავეს“ „ნაცმოძრაობას“ სწორედ გარედან. მწვანე შუქი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე აინთო სწორედ გარედან, რაც იყო ძალიან მძიმე მოვლენა, სხვა დანაშაულებს აღარ გავყვები. ტელევიზიები, ყველა საერთო ეროვნული სატელევიზიო მაუწყებელი მიიტაცეს – არცერთი ხმამაღალი განცხადება ამასთან დაკავშირებით. დემოკრატიული უკუსვლა – სადმე იყო ასეთი განცხადებები? არავითარი. დემოკრატიული უკუსვლა ვინმეს უხსენებია მაშინ? დემოკრატიის შუქურა იყო მაშინ საქართველო. ამომიღეთ განცხადებები, ტექსტები, ამომიღეთ კონგრესის განცხადებები, ევროსაბჭოს განცხადებები,სადაც საუბარია დემოკრატიულ უკუსვლაზე. ამომიღეთ ერთი განცხადება, სადაც საუბარია 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე. ამომიღეთ ერთი განცხადება, მეორე არ მინდა. ვერ ამოიღებთ ასეთ განცხადებას, რადგან მაშინ მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული გარედან იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც საქართველოში მოქმედებდა. ამიტომ ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არსებობს უსამართლო მიდგომები. ჩვენთვის მხოლოდ სასურველია, თუ გამოჩნდება ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჯანსაღ კონკურენციას გაუწვეს „ქართულ ოცნებას“, ეს მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელოვნურად ჩაგვტოვეს ამ ჩაკეტილ წრეში, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონკურენცია. ეს არ არის ჯანსაღი მოცემულობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.