“მოიტაცა 4-მა კაცმა, ძალის გამოყენებით და ცემით ჩასვეს მანქანაში” | პოლიცია ამ დრომდე ეძებს კახეთში მოტაცებულ გოგოს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 24 წლის ქალი გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფლის დადგენას სამართალდამცავები ამ დრომდე ცდილობენ. ოჯახი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ქალი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, ხელი ჰკრეს ბებიას, რომელიც შვილიშვილის დახმარებას ცდილობდა. გამტაცებლებმა გოგო თავდაპირველად სოფელ ყარაჯალას მიმართულებით წაიყვანეს. ოჯახმა ამ სოფელში ნახა ავტომობილი, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ.

გოგოს ოჯახი ამბობს, რომ გამტაცებელი 24 წლის კაცია, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს.

“ჩემი ქალიშვილის პოვნას და მისი გამტაცებლების დასჯას ვითხოვ. გუშინ ჩემი შვილი საკუთარი მანქანით წავიდა ბაბუასთან სახლში მის მოსანახულებლად, ერთი-ორი საათი გაჩერდა იქ. შემდეგ ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი შვილი “მერსედესის” მარკის მანქანით გაიტაცეს. კამერებში ჩანს, რომ ეს მანქანა ყარაჯალაშია შესული, პოლიცია ეძებს, მაგრამ ჯერ ვერ პოულობენ”, – ყვება მამა.

ახლობლების თქმით, გოგო უნივერსიტეტში სწავლობდა და არ სურდა გათხოვება.

“გუშინ საღამოს მოიტაცა 4-მა კაცმა ძალის გამოყენებით და ცემით ჩასვა მანქანაში, როცა ბებიამ გაიგო ყვირილის ხმა, გამოვიდა დასახმარებლად და ბებიაც სცემეს, მას ხელი ჰკრეს, ეს ყველაფერი ვიდეო კამერებს აქვს დაფიქსირებული” – ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.