ზოგიერთმა ქვეყანამ თავის მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანში იმყოფებიან, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვების რეკომენდაცია მისცა. ასეთი განცხადება გაავრცელეს გერმანიამ, ნორვეგიამ, იტალიამ და ბაჰრეინმა. ასევე ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ლიბანში ავიარეისები შეაჩერა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
უსაფრთხოების ზომები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის გამწვავებას მოჰყვა. ეს დაჯგუფება ლიბანის სამხრეთ ნაწილში მოქმედებს. 27 ივლისს „ჰეზბოლამ“ ისრაელის დასახლება მაჯდალ-შამსზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც 12 ადამიანი, ძირითადად ბავშვები) ემსხვერპლა და 30 დაიჭრა. ამის შემდეგ ისრაელი „ჰეზბოლას“ სრულმასშტაბიანი ომით დაემუქრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ლიბანში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს, რომ პროგრამა STEP-ში დარეგისტრირდნენ და იქიდან მუდმივი განახლებები და გაფრთხილებები მიიღონ. სიფრთხილისკენ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანში ინდოეთის საელჩომაც მოუწოდა.
ავიაკომპანიებმა Lufthansa-მ, Swiss Airlines-მა და Eurowings-მა ლიბანში ავიარეისები სულ მცირე 6 აგვისტომდე გააუქმეს. Aegean Airlines-მა, Qatar Airways-მა, Air France-მა და Austrian Airlines-მა რეისების ნაწილი გააუქმეს.