ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოდან თურქეთის გარიცხვას მოითხოვს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ნატოდან თურქეთის დაუყოვნებლივ გარიცხვას მოითხოვს, კაცმა ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, როელიც ისრაელს დაემუქრა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ერდოღანმა თურქეთი ირანის ბოროტების ღერძის მონაწილედ აქცია“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

მან გაიხსენა, რომ თურქეთი, რომელიც ისრაელს სამხედრო აგრესიით ემუქრება, ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებს იღებს. ეს ის დაჯგუფებაა, რომლის წევრებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო ტერაქტი მოაწყო.

მანამდე ისრაელ კაცმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერაყის დიქტატორს, სადამ ჰუსეინს შეადარა. „ის სადამ ჰუსეინის გზას დაადგა და ისრაელს შეჭრით ემუქრება. გაიხსენოს რით დამთავრდა ეს ყველაფერი ერაყში“, – დაწერა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

28 ივლისს ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, შესაძლოა, ისრაელში შევიდეს, როგორც ეს სხვა ქვეყნებში და ტერიტორიებში გააკეთა. „ჩვენ შევედით ყარაბაღში, შევედით ლიბიაში, შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ისრაელთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა ღაზას სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ჰამასს“ გამათავისუფლებელი ორგანიზაცია უწოდა, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ადოლფ ჰიტლერს შეადარა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ პალესტინის ტერიტორიაზე მშვიდობის უზრუნველყოფამდე თურქეთი ნატოსა და ისრაელის სამხედრო თანამშრომლობას მხარს არ დაუჭერს.