გაზეთ The New York Times-ის ცნობით, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელ ისმაილ ჰანიესზე განხორციელებული თავდასხმის პასუხად, ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.
ამის შესახებ NYT ირანის სამ თანამდებობის პირზე, მათ შორის, ისლამური რევოლუციის გვარდიის ორი წევრზე დაყრდნობით წერს.
ინფორმაციის მიხედვით, დირექტივა დღეს, დილის საათებში გაიცა ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო, რამდენიმე საათში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თეირანში განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა.
„ჰამასმა“ თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ მომხდარს უპასუხოდ არ დატოვებდა. ისრაელის ხელისუფლებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი სატელევიზიო მიმართვაში საკუთარი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ „წინ რთული დღეები ელით“.
ამ ეტაპზე, ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით შეტევებზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.