აშშ დღეს განაგრძობს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს. სატვირთო ავტომობილები, რომელზეც დამონტაჟებული შეიარაღება უკრაინელებს კლავს, ამერიკული ნაწილებისგან არის დამზადებული. ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე სამხედრო ექსპერტმა სერგეი ასლანიანმა განაცხადა.
„აშშ კვლავ განაგრძობს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს. „კამაზები“, რომლითაც რუსები უკრაინაში დადიან და უკრაინელებს კლავენ, ამერიკული ქარხნების მიერ წარმოებული ნაწილებისგან არის დამზადებული. ეს ამერიკული ქარხნები რუსეთში მუშაობას განაგრძობს.
ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში რუსეთში მომუშავე ქარხნები „კამაზების“ ძრავების უმნიშვნელოვანეს ნაწილებს აწარმოებენ. ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკელებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ საკუთარ ბიზნესს უთხრან – მორჩა, საკმარისია! ამერიკულო ბიზნესო – აბა ახლავე სახლში წადი! თქვენ აქ რას სჩადიხართ? ქარხნები უნდა აეფეთქებინათ, მოწყობილობები გაეტანათ, კაპიტალი გაენულებინათ, მაგრამ არა, ნურას უკაცრავად! ეს არის კომპანია „ფედერალ მოგული“ (Federal Mogul), რომელიც დღესაც მუშაობს და მას აქვს 5 ქარხანა რუსეთში. ეს 5 ქარხანა აწვდის ნაწილებს „ავტოვაზს“ და „კამაზს“. „ავტოვაზი“ უკრაინაში არ იბრძვის. რაც შეეხება „კამაზებს“, ის თითქმის მთლიანად დღეს აწარმოებს ტექნიკას, რომელიც სხვადასხვა სახით უკრაინელთა მოსაკლავად გამოიყენება. ის მუშაობს კომპონენტებზე, რომლებსაც ამერიკული ქარხნები აწარმოებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე და ეს ხდება მთელი ამ ომის განმავლობაში“, – განაცხადა სერგეი ასლანიანმა.
ასლანიანი ასევე აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ბიზნესკავშირების გაწყვეტით არც აშშ, არც დასავლეთის სხვა ქვეყნები დაინტერესებული არ არის, რადგანაც „პუტინი მათთვის ძალზე ხელსაყრელი ბიზნესპარტნიორია“.