„ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური სპორტული გამოცემა Relevo ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ინგლისური კლუბი მზადაა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.
თუმცა, ინფორმაციაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „ლივერპულის“ ძირითადი მეკარე ალისონ ბეკერი კლუბში მინიმუმ ერთი სეზონის გატარებას აპირებს, რის გამოც, პრემიერ ლიგის კლუბი მამარდაშვილის შეძენას და იჯარით გაშვებას განიხილავს.
„ინგლისურ კლუბს ალისონ ბეკერის მამარდაშვილით ჩანაცვლება აქვს მიზნად და „ვალენსიას“ 30 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობს. კლუბებს შორის შეხვედრა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. „ლივერპულის“ ინტერესის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, ბოლო კვირებში კი ეს ინტერესი გაძლიერდა. მამარდაშვილს სურს ლივერპულში, თუმცა, ახლა არა, რადგან ალისონი მზადაა, ამ კლუბში მინიმუმ კიდევ ერთი წლით დარჩეს. როგორც ჩანს, „ლივერპულს“, მამარდაშვილის ფასის ზრდის ფონზე, მასთან კონტრაქტის განაღდება და შემდეგ, იჯარით გაშვება აქვს გამიზნული“, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, მამარდაშვილმა EURO2024-ზე ყველაზე მეტი, 30 მოგერიება დააგროვა, რაც ტურნირის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია 2008 წელს, იგორ აკინფეევის მიერ შესრულებული 32 „სეივის“ შემდეგ.
ტურნირის შემდეგ, 23 წლის მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა.