„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, საზოგადოებაში დაბნეულობა შემოიტანოს აგვისტოს ომის თარიღებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აგვისტოს ომი ერთ-ერთი უმძიმესი ფურცელია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში,
„ეს გახლავთ ერთ-ერთი უმძიმესი ფურცელი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველო გახდა რუსეთის აგრესიის პირდაპირი მსხვერპლი და ამან გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, შემდგომ უკვე რუსეთის ფედერაციის მხრიდან მათი უკანონოდ მართვა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
ამან, პოლიტიკური თვალსაზრისით, და, გარკვეულწილად, სამართლებრივი კუთხითაც, გაართულა მომავალში ამ რეგიონების საქართველოსთან რეინტეგრაციის პროცესი. ამავდროულად, ეს იყო დიდი ტრაგედია თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ომის შედეგად კვლავ იქცა ლტოლვილად და ამავდროულად ჩაიკეტა ის ურთიერთობა, რომელიც მანამდე არსებობდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და სხვა ადამიანებს შორის.
აგრეთვე, ეს იყო ქართული ჯარის ბრძოლის მაგალითი და ბევრი გმირი ქართველი ჯარისკაცი და მებრძოლი გმირულად დაეცა, შეეწირა სამშობლოსთვის ბრძოლას და ეს მათი გმირობის, მათი ნათელი ხსოვნის განმაპირობებელია. ეს იყო იმდროინდელი სახელმწიფო ხელმძღვანელობის წინდაუხედავი პოლიტიკის გარკვეული შედეგიც, რომელმაც ვერ შეძლო პოლიტიკის ისე მართვა, რომ ქვეყანა ამ აგრესიის წინაშე არ დაეყენებინა და ვერ მოახერხა ამ უმძიმესი შედეგების თავიდან აცილება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რამენაირად გადღაბნოს ადამიანების მეხსიერებაში და ხსოვნაში ეს თარიღები. ეს ალბათ ამას ემსახურება, რადგან ამ ტრაგედიის და აგრესიის დატრიალების თარიღად მუდმივად აღინიშნებოდა 8 აგვისტო.
გაუგებარია, რა მიზანი აქვთ, მაგრამ ერთი რამ ნათლად არის გასაგები, ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად არეულობა შეიტანონ, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს რეალურად, რომელი თარიღი არის ის, როდესაც ჩვენ მივაგებთ პატივს ჩვენს გმირებს და რა თარიღია, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ იმ ტრაგედიას, იმ აგრესიის შედეგებს, რაც რუსეთის აგრესიას და „ნაციონალური მოძრაობის“ სრულიად გაუცნობიერებელ და მავნებლურ პოლიტიკას მოჰყვა. ამიტომ ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში დაბნეულობა შემოიტანონ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.