რუსეთმა გამოთვალა, თუ რამდენ ხანს ექნება უკრაინას საკმარისი ადამიანური რესურსი ომის საწარმოებლად და მივიდა დასკვნამდე, რომ მინიმუმ 2033 წლამდე. ამის შესახებ დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა კიევის ეკონომიკის სკოლაში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა. მის სიტყვებს Forbes Ukraine ციტირებს.
ბუდანოვმა აღიარა, რომ უკრაინაში მობილიზაციის საკითხი ადვილი არ არის და ზოგიერთი ადამიანი „ცოტა შეშინებულია“, რადგან „მათ, ალბათ, სრულად და სათანადოდ არ აუხსნეს, რომ უკრაინის ჯარში მსახურება სასიკვდილო განაჩენი არ არის”.
ბუდანოვი ფიქრობს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს უკრაინამ მობილიზაციისთვის ადამიანური რესურსი უკვე ამოწურა.
„რუსეთის ფედერაციამ გამოთვალა, თუ რამდენ ხანს ექნება უკრაინას საკმარისი ადამიანური რესურსი ომის საწარმოებლად. თუ 18 წლის და უფროსი ასაკის ყველა ადამიანის მობილიზებას მოვახერხებთ, ომს 2033 წლამდე შევძლებთ. თუ ზღვარს 16 წლამდე დავწევთ (რუსეთმა ეს ვარიანტიც განიხილა), მაშინ – 2044 წლამდე“, – განაცხადა დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.
ამასთან, ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რუსეთის გათვლებია, უკრაინა კი თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს აფასებს.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ 2044 წლამდე ბრძოლა შეძლოს და, მით უმეტეს, 2060 წლამდე. აქ საქმე, პირველ რიგში, ეკონომიკას ეხება – ვერც ერთი ეკონომიკა ვერ გაუძლებს ამდენ ხანს ომში ყოფნას.
მაგრამ თუ უკრაინა ომის წარმოებისთვის ძირითადად საკუთარ რესურსებს არ ხარჯავს, რუსეთი კი საკუთარს ხარჯავს და მტერს ესეც კარგად ესმის“, – აღნიშნა ბუდანოვმა.