Sunday Times -ში გამოქვეყნდა სტატია ბრიტანეთის ახალი პრემიერის კირ სტარმერის მთავრობის რეაქციაზე უკრაინის შეტევის თაობაზე რუსეთის კურსკის ოლქში.
სტარმერმა და თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ გასულ კვირას გადაწყვიტეს არა იმდენად შეეცვალათ უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა, არამედ შეეცვალათ ტონი და ღიად ეღიარებინათ დიდი ბრიტანეთის ჩართულობა უკრაინის შეტევაში. მათ განაცხადეს, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში ბრიტანეთის მიწოდებულ Challenger 2 – ის ტიპის ტანკებს იყენებენ.
“არავითარ უხერხულობას არ ვგრძნობთ იმის გამო, რომ ბრიტანული იარაღი გამოიყენება რუსეთის ტერიტორიაზე. არ გვინდა იყოს რაიმე გაურკვევლობა ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ამ კრიტიკულ მომენტში. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ჩვენ მივეცით იარაღი, რომელიც ეხმარება უკრაინას თავის დაცვაში“, – ციტირებს გაზეთი წყაროს ბრიტანეთის მთავრობიდან.
ბრიტანელი პოლიტიკოსების აზრით, ეს დაარწმუნებს მოკავშირეებს, რომ უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას, ხოლო ბრიტანეთის საზოგადოებას – რომ ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა დამოკიდებულია ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებზე.
ტანკები არ არის ერთადერთი ბრიტანული იარაღი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ კურსკის რეგიონში.
The Sunday Times ასევე ახსენებს დრონებს, მაგრამ არ აკონკრეტებს მათ ტიპს. ამ დრომდე ცნობილი იყო Malloy-ს ტიპის საფრენი აპარატების შესახებ, მაგრამ ეს არ არის საბრძოლო მანქანები, ისინი განკუთვნილია ჯარებისთვის აღჭურვილობის მიწოდების, ან, მაგალითად, დაჭრილების ევაკუაციისთვის.
The Sunday Times, ზოგიერთი სხვა მედიასაშუალებაზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის მთავრობას სურს უკრაინას მისცეს უფლება გამოიყენოს Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ რუსეთის სიღრმეში, მაგრამ ამას ხელს უშლის პარტნიორების – საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პოზიცია.
ბრიტანელი მინისტრები მიიჩნევენ, რომ მათ მოკავშირეებს ჯერ კიდევ ძალიან ეშინიათ “ესკალაციის” და არცთუ უსაფუძვლოდ.
თავადაც მათ არ სჯერათ, რომ რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს, თუნდაც ტაქტიკურს და მოსკოვში მოსმენილ რიტორიკას ყურადღებას არ აქცევენ.
“რუსები გამუდმებით აფრქვევენ ცეცხლს და გოგირდს“, – ციტირებს Sunday Times ანონიმურ ბრიტანულ სამხედრო წყაროს.
“შემიძლია დაგპირდეთ, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული, არცერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა ბირთვული იარაღის გამოყენების მიმართულებით. ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით, რადგან ბირთვული იარაღის ტაქტიკური გამოყენება მრავალ ეტაპს მოიცავს. ბევრი ადამიანია ჩართული, ხდება ბევრი რაკეტის გადაადგილება“.
გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ ჩინეთმა რუსეთის მხარდაჭერა ბირთვული იარაღის გამოუყენებლობას დაუკავშირა. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნებმა გააფრთხილეს მოსკოვი, რომ თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ისინი პირდაპირ ჩაერთვებიან ომში და ბრძოლის ველზე გაანადგურებენ რუსულ ჯარს. – ამის შესახებ ჯერ კიდევ 2022 წელს თქვა CIA-ს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დევიდ პეტრეუსმა.