რუსეთმა ოფიციალურად მიმართა გერმანიას პრეტენზიებით, ბალტიის ზღვაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის დაკავების ორდერი გასცა, რომელიც აღმოჩნდა, რომ უკრაინის მოქალაქე იყო. თუმცა, დიპლომატის თქმით, გერმანული მედია „დიდი ხნის განმავლობაში და მეთოდურად“ ავრცელებს „თეზისს იმის შესახებ, რომ ეს პირები არცერთ სახელმწიფოსთან არ ასოცირდებიან“. აქედან გამომდინარე, ოლეგ ტიაპკინი ასკვნის, რომ „გერმანიის გამოძიება ასევე დაიხურება „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებების ნამდვილი დამკვეთების გამოვლენის გარეშე“.
ტიაპკინის თქმით, მოსკოვმა ოფიციალურად დაუსვა ბერლინს გერმანიისა და სხვა დაზარალებული ქვეყნების მიერ გაერო-ს ანტიტერორისტული კონვენციებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების საკითხი.
„ამ კუთხით ორმხრივად, მათ შორის ბერლინის მიმართ, ოფიციალურად წარდგენილი იქნა შესაბამისი პრეტენზიები“, – დასძინა მან და განმარტა, რომ რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებს ცდილობს მოქმედი საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად და შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დასავლეთის რეაქციაზე.
შეგახსენებთ, ბალტიის ზღვაში გაზსადენებზე – „ჩრდილოეთის ნაკადსა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე – აფეთქებები 2022 წლის სექტემბრის ბოლოს მოხდა. არცერთ მათგანს იმ დროს გაზი არ გადაჰქონდა. „ჩრდილოეთის ნაკადი“ რუსეთმა აფეთქებებამდე ცოტა ხნით ადრე შეაჩერა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კი არასოდეს ამუშავებულა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. გაზსადენის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.