ფინეთმა, შესაძლოა, რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენაზე სრული აკრძალვა დააწესოს

ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაასრულა კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებისთვის და იურიდიული პირებისთვის უძრავი ქონების შეძენის სრულად აკრძალვას ითვალისწინებს.

ფინეთი

როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა აღნიშნა, უძრავი ქონების ყიდვა ფინეთში რუსეთის მცდელობების ნაწილია, გავლენა მოახდინოს ფინეთის მთავრობაზე და მისი აკრძალვა ასევე გამართლებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის გათვალისწინებით.

„გამონაკლისის სახით, მუდმივი ბინადრობის ნებართვით მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს უფლება ექნებათ შეიძინონ უძრავი ქონება“, – აღნიშნა მინისტრმა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს აღარ ექნებათ უფლება შეიძინონ, მაგალითად, ინდივიდუალური სახლები, აგარაკები, მიწის ნაკვეთი, კომერციული უძრავი ქონება და საწყობები ფინეთში.

შეგახსენებთ, ფინეთში, 2020 წლიდან უცხოელების მიერ უძრავი ქონების შესყიდვას თავდაცვის სამინისტროს თანხმობა სჭირდება.