სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. წვიმას ქარი და სეტყვა ერთოდა, რამაც სავარგულების ნაწილი დააზიანა.
ამ დროის მონაცემებით, ქარმა რამდენიმე სოფელში 10-მდე საცხოვრებელ სახლს, ასევე, ხეობაში პოლიციის შენობას სახურავი გადახადა. დაიტბორა ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.
სტიქიის ზონაში ვითარებას ადგილზე ახმეტის მერი ეცნობა. ალექსი ფიცხელაურის თქმით, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ხეობის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
„სტიქიისგან მიყენებული ზარალის კონკრეტული მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია, ადგილზე ვმუშაობთ და ვსწავლობთ მდგომარეობას. სოფლებში სახლებს სახურავები გადახადა, დაგლეჯილია ხეებიც. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა”- აღნიშნა ფიცხელაურმა.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ახმეტის და თელავის აბონენტების ნაწილიც.
ძლიერმა ქარმა ასევე მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები, რის გამოც პანკისი-ახმეტა-თელავის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები და მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.