რაც უფრო მოგვეჩვევა ადამიანებს ეს ვირუსი, მით უფრო ნაკლებად ლეტალური გახდება ჩვენთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდინფექციის შემთხვევბის მატება ქვეყანაში ძლიერ მობილობასთან არის დაკავშირებული და ასეთი შედეგები მოსალოდნელი იყო.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ “იმედის დილაში” ჩართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მატება კვლავ მოსალოდნელია.

“მატება რომ არის, ფაქტია. მობილობა არის ძალიან ძლიერი ქვეყანაში. ზაფხულში, მთელი საქართველო ბათუმში, ქობულეთში იყო და ეს მოასლოდნელი იყო. ჯერჯერობით, ვითვლით კონტაქტებს და ალბათ კიდევ მოემატება”,   -განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეკითხვაზე, განიცადა თუ არა ვირუსმა დროთა განმავლობაში ცვლილება, პაატა იმნაძემ განმარტა, რომ ამის შესახებ სამეცნიერო კვლევები და მტკიცებულებები ჯერ მზად არ არის.

“ველოდებით სამეცნიერო კვლევებს. მტკიცებულებებია საჭირო, მაგრამ გარედან თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო მოგვეჩვევა ადამიანებს ეს ვირუსი, მით უფრო ნაკლებად ლეტალური გახდება ჩვენთვის. ჩანს, რომ ასე ხდება, მაგრამ… ამის იმედზე ნუ ვიქნებით, ვეცადოთ, არ დაგვემართოს. მესმის, რომ ხალხი დაიღალა, მაგრამ არ არის აუცილებელი 500 კაციანი ქორწილი, 100 კაციანი რომ გავაკეთოთ, რა მოხდება?” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი, განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 321–ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

 

“აიპრესი”