ჩამოდის-არ ჩამოდის, როდის, რა გზით… – ეს კითხვები აწუხებს მიხეილ სააკაშვილის ფანატიკურ მომხრეებს, მაგრამ არა მარტო მათ. სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. განსაკუთრებით, მისი შესაძლო დაბრუნების მომენტზე.
დამოკიდებულია არა მხოლოდ პირადად სააკაშვილის, არამედ მთელი ქართული პოლიტიკური სისტემის ბედი. ექს-პრეზიდენტს ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით რეალური ვადა ელოდება. მთავრობის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ საზღვრის გადმოკვეთის მცდელობის შემთხვევაში სააკაშვილს დააკავებენ და დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი დევნის პროცედურები. ამიტომ, სააკაშვილს ურჩევნია, დაელოდოს არჩევნების შედეგებს და ხელსაყრელი ვითარების შექმნის შემთხვევაში, თუკი მმართველი პარტია, როგორც იგი თავად გამოხატავს დარწმუნებულობას, დამარცხდა, შემდეგ ჩამოვა და გახდება კიდეც პრემიერმინისტრი.
მაგრამ, წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ სააკაშვილი არჩევნების წინ მაინც დაბრუნდება საქართველოში. პოლიტიკურად ეს ყველაზე მომგებიანი ვარიანტია მისთვის. ექს-პრეზიდენტის “გაბედულებაზე” და “სიმამაცეზე” ილაპარაკებენ არა მხოლოდ მისი ფანატიკური მომხრეები, არამედ უფრო თავშეკავებული ამომრჩევლებიც. ეს ნაბიჯი შექმნის სკანდალურ ფონს და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება არ გამოვა. ვითარების დამუხტვა, პოლიტიკური ტემპერატურის აწევა კი ცალსახად დასავლეთუმე ოპოზიციის ინტერესებშია. რაც მთავარია, ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს მხარდაჭერა, რომელის სააკაშვილს კიდევ აქვს შეერთებული შტატებიდან და ეს მხარდაჭერა ბოლო ორი წლის მანძილზე გაიზარდა. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილო ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც ანაკლიის პორტისა და “ფრონტერას” ამბებს არ ივიწყებენ, დამატებით არგუმენტებს მიიღებენ ამერიკაში “რუსი ოლიგარქი” ივანიშვილისა და მისი პარტიის იმიჯის შესალახად. ისინი იტყვიან, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ბევრად გაუარესდა, ციხეში სვამენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ა. შ. ტყუილად არ თქვა თავად სააკაშვილმა ერთხელ: “ივანიშვილისგან განსხვავებით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეში არასოდეს ჩამისვამს”. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ეს სიმართლეა! სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიები ყველას მოიცავდა, ოპოზიციური პარტიების პირველი პირების გარდა. სააკაშვილის დროს არასოდეს დამდგარა, მაგალითად, ძმები გაჩეჩილაძეების ან ნინო ბურჯანაძის დაპატიმრების საკითხი. “მერე რა”, რომ აპატიმრებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ მეორე რიგის პოლიტიკოსებს, რომ აღარაფერი ვთქვათ რეჟიმით უკმაყოფილო უბრალო მოქალაქეებზე. ამით ხელისუფლება მაინც აღწევდა თავის დასახულ მიზანს, ოპოზიცია ექცია ნაკლებქმედითუნარიანად.
მაგრამ ეს უკვე ნაკლებად თვალში საცემი იყო დასავლეთისათვის და დასავლეთს უფრო იოლად შეეძლო ამაზე თვალის დახუჭვა. სამაგიეროდ, როდესაც ივანიშვილის დროს გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ყოფილი მინისტრები მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ახალაია ახლაც ზის, თბილისის მერი უგულავა ორჯერ ჩასვეს – ეს უკვე არგუმენტია, კარგი საბაბია არადემოკრატიულობაში ბრალის დასადებად. ამასთან, არავინ იკითხავს, იქნებ-და, ეს ხალხი სავსებით სამართლიანად, კანონის სრული დაცვით იხდიდა სასჯელს?
ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ დაპატიმრებულთა რიცხვს თვით ყოფილი პრეზიდენტიც მიემატება… რა თქმა უნდა, რეაქცია დასავლეთში ძლიერი იქნება და სააკაშვილს არა მარტო კონგრესმენები და სენატორები გამოესარჩლებიან.
მაგრამ ხომ არსებობს სუბიექტური ფაქტორიც, რომელიც, როგორც ჩანს, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა: სააკაშვილი არა მხოლოდ არ არის გმირი, არამედ მას უბრალო ადამიანური გამბედაობა, სიმამაცე საერთოდ არ გააჩნია. სწორედ ეს ახდენს გავლენას მის გადაწყვეტილებაზე, განაგრძოს უკრაინაში კომფორტული ცხოვრება, ხოლო თავისი მომხრეები ცარიელი დაპირებებით კვებოს, როგორც ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია. თუმცა რომელ სიმამაცეს ველით სუბიექტისგან, რომელმაც გორის ასფალტზე თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე შიშისგან იფორთხიალა, შეირცხვინა თავიც და შეარცხვინა სრულიად საქართველო.
რომ არა სააკაშვილის ეს პიროვნული თვისება – სიმხდალე, “ქართულ ოცნებას” ცხოვრება ბევრად გაურთულდებოდა. არსებითად, სააკაშვილი ამართლებს ამ უფორმო, ბიუროკრატიული, ყველასთვის მიუღებელი პარტიის არსებობას მმართველი ძალის რანგში.
გულბაათ რცხილაძე