ბანკების მიმართ პრეტენზიები 47%-ით გაიზარდა – როგორია საჩივრების შინაარსი

2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები თითქმის 47%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ივლისში ბანკების მიმართ მომხმარებლებმა 2 596 საჩივარი დაწერეს, მაშინ როცა 2023 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი – 1 767 იყო.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ივლისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის ივლისში) ასე გამოიყურება:

  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი – 1 595 განაცხადი;
  • სამომხმარებლო სესხი – 331 განაცხადი;
  • საკრედიტო ბარათი – 123 განაცხადი;
  • ინტერნეტბანკი – 65 განაცხადი;
  • ბიზნეს სესხი – 56 განაცხადი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი – 1 449 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება – 495 საჩივრით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები – 247 განაცხადით.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ივლისში 2 596 საჩივრიდან ბანკებმა 1 419 განაცხადი – უსაფუძვლოდ, 387 – საფუძვლიანად მიიჩნიეს; 781 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 9 განაცხადის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.