Bloomberg: თურქეთმა წარადგინა განაცხადი BRICS-ში გაწევრიანებაზე

თურქეთმა წარადგინა განაცხადი BRICS-ში გაწევრიანებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთი

ინფორმირებული წყაროების განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ „გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი“ განვითარებულ ქვეყნებს შორდება.

თურქეთი განავითარებს ურთიერთობებს მრავალპოლარული მსოფლიოს ყველა მხარესთან, ნატოს წევრის ვალდებულებების შესრულებასთან ერთად.

წყაროების თქმით, BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი თურქეთმა რამდენიმე თვის წინ წარადგინა „ათწლეულების მანძილზე ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის იმედგაცრუების ფონზე“.

აღსანიშნავია, რომ 20 აგვისტოს აზერბაიჯანმა ოფიციალურად წარადგინა განაცხადი BRICS-ში გაწევრიანებაზე.

BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა.