თეთრი სახლი პოლტავას დაბომბვის შემდეგ: გავაგრძელებთ ფოკუსირებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე

„აშშ გააგრძელებს ფოკუსირებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე და უახლოეს კვირებში მეტ დახმარებას ჰპირდება“, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

თეთრი სახლი

„ეს არის კიდევ ერთი საშინელი შეხსენება პუტინის სისასტიკისა უკრაინის ხალხის მიმართ“, – აცხადებს ჯონ კირბი.

კირბის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „განაცხადა, რომ „აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას მისი სამხედრო და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ასეთი თავდასხმებისგან“.

„როგორც ხედავთ, სულ რაღაც 10 დღის წინ გამოვაცხადეთ კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავდა HIMARS საბრძოლო მასალას, ანტი დრონის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, ჯაველინს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და კიდევ იქნება უახლოეს კვირებში დახმარების პაკეტი“, – აცხადებს კირბი.

შეგახსენებთ, 3 სექტემბერს რუსეთმა ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლა პოლტავას სამხედრო ინსტიტუტს და მიმდებარე საავადმყოფოს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, 219 კი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიაზე შორი მანძილის იარაღის გამოყენების კუთხით კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს გააუქმონ თავიანთი შეზღუდვები.