პატრიკ რაიდერი რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შესაძლო დარტყმაზე: აშშ თავის პოზიციას არ ცვლის

„ამერიკის შეერთებული შტატები არ ცვლის თავის პოლიტიკას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეებზე ამერიკული იარაღით იერიშის მიტანის საკითხზე“, – ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

 პენტაგონის პრესმდივანი

„არ მაქვს განცხადებები პოლიტიკის ცვლილებების შესახებ,” – თქვა რაიდერმა.

ამასთან, პატრიკ რაიდერის თქმით, პენტაგონის ხელმძღვანელს ლოიდ ოსტინს კვირის ბოლოს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს უკრაინელ და საერთაშორისო პარტნიორებს „რამშტაინის“ ფორმატის ფარგლებში.

„ჩვენ კვლავ გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ უკეთ დავეხმაროთ უკრაინას“, – აცხადებს რაიდერი.

შეგახსენებთ, 3 სექტემბერს რუსეთმა ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლა პოლტავას სამხედრო ინსტიტუტს და მიმდებარე საავადმყოფოს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, 219 კი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიაზე შორი მანძილის იარაღის გამოყენების კუთხით კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს გააუქმონ თავიანთი შეზღუდვები.