საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და მმართველმა პარტიამ უკვე დაასახელა თავისი 4 მთავარი დაპირება, თუ რას გააკეთებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში. ყველა ეს დაპირება პოლიტიკური ხასიათისაა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართულმა ოცნება” სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, რაც მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, მეორე პლანზე გადაიტანა. რით არის ეს გამოწვეული და როგორ მოქმედებს ამომრჩევლებზე?
ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობენ, რომ ასეთი არა-ეკონომიკური დაპირებები ნაწილობრივ ამომრჩევლების „დამსახურებაა” და, სავარაუდოდ, გარკვეული კვლევებს ეფუძნება.
„სოციალურ-ეკონომიკური საკითხების შედარებით უკანა პლანზე გადატანა ნაწილობრივ ამომრჩევლის ბრალიცაა. ოპოზიციაში ვხვდებით ამ სახის დაპირებებს, რომლებსაც შესაძლოა რეალური საფუძველი არ ჰქონდეს. მაგალითად, 1000-ლარიანი პენსია. ამას „ოცნებაც” იტყოდა, თუმცა, მგონი, უბრალოდ ამომრჩევლის შესწავლამ, თუ რა საკითხებზე არის მგრძნობიარე, განაპირობა ასეთი არა-ეკონომიკური დაპირებები”, – აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან”.
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ეს ისეთი დაპირებებია, რომ მათ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველიც კი მხარს დაუჭერს:
„ხელისუფლების დაპირება ეკლესიის როლის შესახებ და ასევე, ფასეულებების დაცვა მავნე ზეგავლენებისგან, რა თქმა უნდა, ესენი დასაფასებელია, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთი საკითხების მხარდამჭერები, რომელიც ეხება სულიერებას, ტრადიციას, ღირებულებებს, არ არიან მხოლოდ „ოცნების” ამომრჩევლები და არ მგონია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებიდან ვინმეს სურდეს, რომ მის ბავშვზე მიმდინარეობდეს მახინჯი გენდერული პოლიტიკის პროპაგანდა, ან ქართულ ეკლესიას ურტყამდეს. ეს გამორიცხულია. შეიძლება პოლიტიკური კინკლაობა იყოს, არ მოსწონდეთ ესა თუ ის პარტია, მაგრამ საერთო შეხედულებებზე უდიდესი უმრავლესობა ამაზე ვთანმხდებით”.
„ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში 4 მთავარ დაპირებებზე საუბრობს, რომელთა განხორციელებისათვის, მისი თქმით, მმართველ პარტიას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სჭირდება: „ნაცმოძრაობის” და მისი სატელიტების დასჯა; „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონის მიღება, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა; და ბოლოს, კონსტიტუციაში მართმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაკეთდება – „მართმადიდებლობა არის ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი”.
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ დაპირებებიდან გამომდინარე, „ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდა ან შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია.
„თუ ამით ხელისუფლებას ამომრჩევევლები შეუმცირდება, ალბათ მხოლოდ იმ მხრივ, რომ რადგან იძახის „ნაცმოძრაობას” შევუტევო, ვინც ამ მოსაზრებას არ ემხრობა, მათი ხმები მოაკლდება. მაგრამ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ვისაც „ნაცმოძრაობის” პოლიტიკურ არენაზე დარჩენა უნდა, ის „ოცნებას” ხმას ისედაც არ მისცემს. ამიტომ მეეჭვებაა, რომ მოკლებით მოაკლდეს. თუმცა მომატებისთვის რამდენად ეფექტურია, ეს არ ვიცი. ეს იმ ჯგუფებმა უნდა დაადგინონ, რომლებიც ამ საარჩევნო კამპანიას ემსახურებიან.
„ფაქტია, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირებები მხარდამჭერების გაზრდაზეა ორიენტირებული. ვიღაცებს ალბათ გაეღიმებათ ამ დაპირებებზე, მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგებაზე, მაგრამ რაღაც ნაწილში მაინც იმედის ნაპერწკალი იქნება და მხარს დაუჭერენ.
„რაც შეეხება ეკლესიის საკითხს, იქ აშკარად უფრო შერბილდა სიტუაცია. თვითონ „ოცნების” მხრიდანაც აღარ არის კატეგორიული ვერსია, როგორც იყო. ეს იმიტომ, რომ საპატრიაქროს წარმომადგენლებს საკმაოდ მკაცრი რეაქცია ჰქონდათ.
„ნელ-ნელა „ოცნება” თავის წინასაარჩევნო ლოზუნგებს დახვეწს. ამ ლოზუნგების ფონზე ამომრჩეველთა შემცირებას არ ველოდები, თუ რამე სხვა არ მოხდა. მარტო ეს ლოზუნგები არ წყვეტს მხარდამჭერების სიჭარბეს. მაგალითად, 2012 წელს ციხის კადრებმა ბევრი რამ გადაწყვიტა და იქ არანარი ლოზუნგი არ ყოფილა”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, ამ 4 კომპონენტიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებას” გარანტირებული აქვს უმრავლესობა მომავალ პარლამენტში. მისივე თქმით, რასაკვირველია სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია და 1-ლ ოქტომბერს „ოცნება” ამ თემაზეც რეალისტურ წინასაარჩევნო პროგრამას წარადგენს.
„ხელისუფლების 4 წინასაარჩევნო დაპირება, რასაკვირველია, ამომრჩევლების რაოდენობას გაზრდის, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში აგრესორი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქართულმა სახელმწიფომ მშვიდობა და სტაბილური განვითარება შეინარჩუნა. მაშინ „ქართულმა ოცნებამ” ძალიან ბევრი მხარდაჭერა მიიღო და არა მხოლოდ ტრადიციულად მათი ელექტორატისგან.
„მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ „ქართულ ოცნებაზე” განაწყენებული ამომრჩევლებიც კი მოითხოვენ „ნაცმოძრაობის” ერთხელ და სამუდამოდ გასამართლებას. როგორც ჩანს, ეს პირობაც შესრულდება იქიდან გამომდინარე, რომ ამას ადრე საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები აფერხებდა და როდესაც ქართული სახელმწიფო ბოლომდე გამართლდა, შემდეგ უკვე თანაოკუპაციის („ნაცმოძრაობის”) დანაშაულის საკითხიც დადგა დღის წესრიგში.
„ჩვენთან ფსევდოლიბერალიზმის ტალღის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ამერიკასა და ევროპას დაარტყა, „ქართულმა ოცნებამ” ჯერ შემოიღო ეს ოჯახის ღირებულებებისა და სიწმინდეზე კანონპროექტი და შემდეგ საჭიროდ ჩათვალა კონსტიტუციური ცვლილებები. აქაურმა ფსევდო-ლიბელრალებმა ამას ანტი-ლგბტ კანონი დაარქვეს, თუმცა ამის მთქმელს მე უწიგნურ ადამიანებად ვთვლი, რადგან ეს ანტი-ლგბტ კანონი არაა და ამაზე უფრო მწვავე კანონი არსებობს, მათ შორის ამერიკაში.
„ამ 4 კომპონენტიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებას” პარლამენტი გარანტირებული უმრავლესობა აქვს. ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აქტიური იყოს, რათა მიიღონ 113 ან მეტი ხმა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვისაა საჭირო. ამას თუ პროცენტებში დავიანგარიშებთ, არჩევნებში 55%-ზე მეტი ხმა უნდა მიიღოს ხელისუფლებამ. რასაკვირველია, ეს შესრულდება, რადგან არჩევანი კეთდება განვითარებასა და სიბნელეს შორის.
„ჩვენ ძალიან ვჩქარობთ დასკვნების გაკეთებაში და ასე არ შეიძლება. პოლიტიკური კამპანიის წარმოება ხდება ჯერ მთავარი გზავნილებით, შემდეგ ქვეყნდება დეტალური რეალისტური პროგრამა, რომელიც, პრემიერ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დაიდება. იქ დეტალურად იქნება ჩაშლილი როგორც სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები, ასევე სხვადასხვა დარგობრივი განვითარება, გამოწვევები და არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე პრობლემებისა და გამოწვევების მოგვარების გზები.
„რასაკვირველია, ამომრჩევლებზე სოციალურ-ეკონომიკური საკითხები მოქმედებს და ამომრჩეველი იჯერებს იმას, რასაც რეალურად ეუბნებიან და რასაც ასრულებენ. ამ 12 წელიწადში რომ არ მოგვარებულიყო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, „ოცნებას” არავითარ შემთხვევაში არ ექნებოდა იმის პრესპექტივა, რომ მეოთხე ვადით მოსულიყვნენ, ეს ძალიან მარტივი ლოგიკაა”, – განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან”.
რედაქციის მინაწერი: მოქრთამული “ექსპერტები” და ჯიბეში ჩასმული “რეზონანსი” აუცილებლად წაადგებიან “ოცნების” საარჩევნო კამპანიას.