თეთრი სახლის ლიდერი, ჯო ბაიდენი რუსული ძალების მიერ 3 სექტემბერს ქალაქ პოლტავაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
პრეზიდენტმა ბაიდენმა დაგმო რუსეთის ქმედებები და აღნიშნა, რომ რუსეთის ეს თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, თუ როგორც ცდილობს რუსეთის პრეზიდენტი თავისუფალი ხალხის ნების დარღვევას.
„არ შეცდეთ! რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინელი ხალხი იქნება გამარჯვებული. ამ ტრაგიკულ დღეს და ზოგადად ყოველ დღეს, შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს უკრაინას“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.
3 სექტემბერს, ნაშუადღევს, რუსეთმა ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლა პოლტავას სამხედრო ინსტიტუტს და მიმდებარე საავადმყოფოს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, 219 ადამიანი კი დაშავდა.