პუტინის განცხადება კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ გაუგებარია „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის. დონალდ ტრამპის თქმით, მისთვის ცნობილია კრემლის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, თუმცა არ იცის, პუტინმა ამით შეურაცხყოფა მიაყენა თუ სამსახური გაუწია.
„არ ვიცი როგორ გავიგო მისი სიტყვები. დღეს გამოვიდა და მხარი დაუჭირა კამალა ჰარისს. შეიძლება უნდა დამერეკა მისთვის და მადლობა მეთქვა. არ ვიცი ამით შეურაცხყოფა მომაყენა თუ სამსახური გამიწია“, – აღნიშნა ტრამპმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ირონიულად აღნიშნა, რომ მოსკოვს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის ნახვა სურდა, თუმცა ის რბოლას გამოეთიშა, ამიტომ პუტინის ახალი ფავორიტი კამალა ჰარისია. პუტინმა აღნიშნა, რომ ჰარისს „გადამდები სიცილი“ აქვს, ეს კი ნიშნავს, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს და შესაძლოა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისგან თავი შეიკავოს.