ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ძალიან მკაფიო გზავნილები გავაგზავნოთ: პირველი არის ის, რომ ჩვენ ველოდებით, რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ნილს შმიდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
„ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები დემოკრატიის მომავლისა და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი გზით წავიდეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში, პატივს ვცემთ ამ არჩევნების კენჭისყრის შედეგებს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები აფასებენ დემოკრატიას და მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში. ასევე იცით, რომ მიმდინარეობს არიან საერთაშორისო დამკვირვებლების მისიების მომზადება და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით იმას, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები“, – აღნიშნა გერმანელმა დეპუტატმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს.
„მეორე გზავნილი ეხება ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკას – საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს. ეს ძალიან ცხადია, ამის შესახებ ცხადად განაცხადა ევროკავშირმაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით და შემიძლია გითხრათ, რომ ოთხი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, შეადგენს ბუნდესტაგის უმრავლესობას და შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამინდელი პოლიტიკით საქართველო გერმანიის ბუნდესტაგიდან ვერ მიიღებს მოლაპარაკებების გახსნის პროცესის დაწყებაზე თანხმობას“, – აღნიშნა ნილს შმიდმა.
მისი თქმით, საჭიროა ღრმა საშინაო პოლიტიკა დემოკრატიის კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის მიმართ.
„ყველამ ვიცით, რომ არსებობს 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა შესრულდეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად გასახსნელად. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა არის მე-10 ნაბიჯიც, რომელიც გულისხმობს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევას, რადგან ის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის. ასე რომ, უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი და ასევე მე-10 ნაბიჯი, სანამ გადავალთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე. ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ყველასთან, ვისაც შევხვდით, რადგან გვინდა იცოდეთ, გვინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, რომელიც უნდა შესრულდეს”, – აღნიშნა გერმანელმა დეპუტატმა.