ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავღანური ისლამისტური დაჯგუფება „თალიბანი“ აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„ეს გადაწყვეტილება რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დიალოგის შენარჩუნებაზეა მიმართული“, – განაცხადეს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მანამდე “თალიბანის“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყირგიზეთის ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. „ბიშკეკის ეს გადაწყვეტილება რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ავღანეთის ისლამური ემირატის პოლიტიკური აღიარების ზრდაზე მიუთითებს“, – აცხადებენ თალიბები.
„თალიბანი“ ავღანეთის სათავეში 2021 წლიდან იმყოფება. იურიდიულად მათი მთავრობა საერთაშორისო დონეზე აღიარებული არ არის, ამასთანავე ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, თალიბებთან კონტაქტებს ინარჩუნებს.