უკრაინის მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე მიზეზებსა და ახალი მთავრობის ამოცანებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს,, ვიტალი ბალას ესაუბრა.
ბატონო ვიტალი, უკრაინის მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებების თემაზე სასაუბროდ დაგიკავშირდით.
ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა – უკრაინას სჭირდება ახალი ენერგია“. ომში მყოფი ქვეყნისთვის „ახალი ენერგიის“ ძებნა ბუნებრივადაც კი გამოიყურება, მაგრამ, მაინც გკითხავთ – სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილებები? და რა „ახალი ენერგიით“ შეავსო პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ახალი მთავრობა?
– ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა კარგი ახსნა მოუძებნა. ნებისმიერ ხელისუფლებას მისი საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე სჭირდება საკადრო ცვლილებები. ამისთვის ტარდება არჩევნები და ხდება სახელისუფლებო გუნდის გადატვირთვა და ახალი ხალხით დაკომპლექტება. მაგრამ, როცა არჩევნები არ ჩატარებულა და ხალხი, რომელიც სულ ხელისუფლებაში იყო, რა ახალი ენერგია შეიძლება მათ შესძინონ ხელისუფლებას? სინამდვილეში თავად სახელისუფლებო გუნდში განხორციელდა ზოგიერთი პირების გადადგილება. კერძოდ, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში დასაქმებული ადამიანები დაინიშნნენ მთავრობაში.
მინისტრების დანიშვნას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ლობირებდა. ახლა ისინი პასუხისმგებელი იქნებიან არა პრემიერის წინაშე, არამედ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანუ პირადად ერმაკის წინაშე
მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი კულება დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად, მაგრამ ეს სამინისტრო გააერთიანეს რეგიონული განვითარების სამინისტროსთან. კულება ისედაც იყო პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ამ თვალსაზრისით, „ახალ ენერგიად“ კულება ვერანაირად ვერ ჩაითვლება. ჩემი აზრით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა იმისთვის, რომ ხალხმა მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები სერიოზულ საკადრო გადაწყვეტილებებად მიიჩნიოს. როგორც ჩვენთან ბევრი ამბობს, მინისტრების ნაწილის დანიშვნას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ლობირებდა. ახლა ისინი პასუხისმგებელი იქნებიან არა პრემიერის წინაშე, არამედ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ერმაკის წინაშე, ანუ პირადად მის წინაშე.
– კარგა ხანია გვემის, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ერმაკი იღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მას უკრაინის კანონმდებლობა არ ავალდებულებს. უფრო სწორად, ერმაკი იღებს გადაწყვეტილებს, რაზეც უკრაინის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არანაირი არც უფლება აქვს და არც პასუხისმგებლობა. ახლა ბევრს საუბრობენ, რომ პრეზიდენტის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებებით, დაინიშნებოდნენ ადამიანები, რომლებიც სწორედ ერმაკის მიმართ არიან ლოიალურები, აქვთ მისი უკანონო გადაწყვეტილებების შესრულების გამოცდილება და სასურველია თუ მათი ახლო ნათესავები ცხოვრობენ რუსეთში. შეიძლება ითქვას, რომ პროგნოზები განხორციელებული საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართლდა?
– თქვენს მიერ აღწერილი მოსაზრებები ჩვენში კი ისმის, მაგრამ, მე მათ სრულად არ ვიზიარებ. თავის დროზე უკრაინის პოლიტიკურმა მოღვაწემ და დისიდენტმა ვიაჩესლავ ჩერნოვილმა კადრების შერჩევასთან დაკავშირებით თქვა – შერჩეული კადრები უნდა იყვნენ პატრიოტები, პროფესიონალები და პატიოსნები. ობიექტურები უნდა ვიყოთ – ახლად დანიშნული ადამიანები, პატრიოტებიც არიან და პროფესიონალებიც, მაგრამ, რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ისინი პატიოსნები, ბევრი მათგანის მიმართ მართლაც არსებობს კითხვები. ფაქტი ისაა, რომ ყველა ახლად დანიშნული ლოიალურები არიან ერმაკის მიმართ და ისინი ყველა მის დავალებას შეასრულებენ. თუმცა, მათ შორის არიან პროფესიონალებიც.
ახლად დანიშნული ადამიანები, პატრიოტებიც არიან და პროფესიონალებიც, მაგრამ, რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ისინი პატიოსნები, ბევრი მათგანის მიმართ მართლაც არსებობს კითხვები. ფაქტი ისაა, რომ ყველა ახლად დანიშნული ლოიალურები არიან ერმაკის მიმართ და ისინი ყველა მის დავალებას შეასრულებენ. თუმცა, მათ შორის არიან პროფესიონალებიც
მაგალითს მოვიყვან, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიგა, კარიერული დიპლომატია და ამ უწყებაში მუშაობდა სულ. შეიძლება იმის თქმაც, რომ იგი უკრაინის პატრიოტია, მაგრამ, როცა ის კულებას პირველი მოადგილე იყო, მან ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლითაც საზღვარგარეთ მოქმედი უკრაინის საკონსულოები არ უნდა მომსახურებოდნენ გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინის მოქალაქე მამაკაცებს 18 წლიდან 60 წლამდე. სიბიგაც და სხვაც შეასრულებს იმ დავალებებს, რასაც მას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი დაავალებს.
– უკრაინულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ჯგუფებმა როგორ აღიქვეს უკრაინის მთავრობაში პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებული საკადრო ცვლილებები?
– ნეგატიურად. ახლა ბევრი იხსენებს ძველ ხუმრობას – როცა საროსკიპოში შრომის ნაყოფიერების გაზრდა უნდათ და საწოლებს ცვლიან. ჩვენთან ახლა ხუმრობენ, რომ უკრაინაში ეს საწოლები იატაკზე ხრახნილებითაა დამაგრებული, ამიტომ საწოლების გამოცვლის ნაცვლად, გამოცვალეს საროსკიპოში დასაქმებული ადამიანები. უკრაინის მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებისგან საზოგადოებაში არანაირი მოლოდინი არაა, რადგან ყველა გადაწყვეტილება პრეზიდენტის ოფისში მიიღება. არაფერი არაა დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებსაც ესა თუ ის პოსტები უკავიათ.
უკრაინის მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებისგან საზოგადოებაში არანაირი მოლოდინი არაა, რადგან ყველა გადაწყვეტილება პრეზიდენტის ოფისში მიიღება. არაფერი არაა დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებსაც ესა თუ ის პოსტები უკავიათ
ჩვენ მთავრობაში გვყავს ოლგა სტეპანიშინა, რომელიც ევროინტეგრაციის მინისტრი იყო. ახლა ევროინტეგრაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გააერთიანეს და მინისტრად იგი დანიშნეს.
ახლა ყველა იხსენებს უკრაინის სასამართლოში მასთან დაკავშირებული საქმის განხილვას, რომელიც ეხება მის მიერ 2 მილიონი გრივნის გაფლანგვას. იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს სტეპანიშინა იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და სწორედ ამ დროს მოხდა ფინანსების გაფლანგვა. ასეთ ფონზე მისი კიდევ უფრო დაწინაურება ბევრისთვის გაუგებარია. ამ და კიდევ სხვა მიზეზთა გამო მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებისგან საზოგადოებაში ოპტიმისტური მოლოდინები არ არაა.
– თქვენი დაკვირვებით, პრეზიდენტისა და ერმაკის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე რა რეაქცია ჰქონდა დასავლეთს? სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს იმ ომის მიმდინარეობაზე, რომელსაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს?
– ჩემი აზრით, დასავლეთს უკვე დიდი ხანია არაფერი არ უკვირს იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება, მათ ზედმიწევნით კარგად იციან რეალურად რა ხდება უკრაინის სახელისუფლებო წრეებში. ჩვენი დასავლელი პარტნიორების საელჩოები კიევში შეუფერხებლად ფუნქციონირებენ და ყველა ტიპის ინფორმაცია აქვთ. რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენას იქონიებს ეს საკადრო ცვლილებები ომის მიმდინარეობაზე, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ იმას, რომ უკრაინის მთავრობაში მომხდარი ცვლილებები რამენაირად წადგება ომის მიმდინარეობას. ომს აწარმოებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, სამხედროები და ასე შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მთავრობა კარგა ხანია პოლიტიკის სუბიექტი აღარაა, მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველა გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის ოფისი იღებს. სამწუხაროდ, ასეა, ჩემი დაკვირვებით, საკადრო ცვლილებების განხორციელების მიზეზი ისიც იყო, რომ ბოლო სოციოლოგიური კვლევებით საზოგადოებას მთავრობის კაბინეტისადმი ნდობა საკმაოდ დაკარგული ჰქონდა.
ჩემი დაკვირვებით, საკადრო ცვლილებების განხორციელების მიზეზი ისიც იყო, რომ ბოლო სოციოლოგიური კვლევებით საზოგადოებას მთავრობის კაბინეტისადმი ნდობა საკმაოდ დაკარგული ჰქონდა
ხელისუფლებას ჩემთვისაც რომ ეკითხა, მეც ვურჩევდი, რომ მთავრობაში ცვლილებების იმიტაცია უნდა განეხორციელებინა. მაგრამ, არა მგონია, რომ განხორციელებული საკადრო ცვლილებები ხელისუფლებისადმი ნდობის ამაღლებას რაიმეთი წაადგება.
თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ – შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ, მან მოქმედების სხვა გზა არჩია. ზელენსკის რომ უკრაინის ერთობის მთავრობაში არასისტემური, მაგრამ ავტორიტეტის მქონე ადამიანები შეეყვანა, ამით მის ხელისუფლებას მეტი ლეგიტიმურობა ექნებოდა და ეს ომის მიმდინარეობასაც წაადგებოდა.
ზელენსკის რომ უკრაინის ერთობის მთავრობაში არასისტემური, მაგრამ ავტორიტეტის მქონე ადამიანები შეეყვანა, ამით მის ხელისუფლებას მეტი ლეგიტიმურობა ექნებოდა და ეს ომის მიმდინარეობასაც წაადგებოდა
ჩემი აზრით, პრეზიდენტის პრობლემა ისაა, რომ ხალხის თვალში ზელენსკის მთავრობა არალეგიტიმურია, ომის გამო არჩევნები არ ჩატარებულა, მაგრამ, პარლამენტსაც და პრეზიდენტსაც ამოეწურა არჩევის ვადა.
კანონის მიხედვით, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, ფაქტია რომ ხელისუფლებას ლეგიტიმურობის დეფიციტი აქვს. ანუ ხალხი უნდა იწონებდეს იმას, რასაც პრეზიდენტის ოფისი აკეთებს. ნდობის თვალსაზრისით ზელენსკისა და უკრაინის მთელ ხელისუფლებას ნეგატიური ბალანსი აქვთ. ამ ნდობის ასამაღლებლად იყო საჭირო უკრაინის ერთიანობის მთავრობის შექმნა.
ზელენსკის ეს არ გაუკეთებია. მეტიც, საკადრო ცვლილებებს ზელენსკი ხელისუფლებისთვის მეტი ნდობა არ მოუტანია, უფრო პირიქით.
– ვინც ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, მართალია ახლა უკრაინაში არ ცხოვრობს, მაგრამ გულშემატკივრობს უკრაინას, დიდი ხანია ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც მოსკოვზე მუშაობენ.
ამგვარი ბრალდებები ყველაზე ხშირად ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ერმაკის მისამართით ისმის. თქვენი აზრით, ერმაკისა და მისი გარემოცვის მიმართ ამგვარი ბრალდებები რამდენად საფუძვლიანია?
– ამ თემაზე ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ, ამის პირდაპირ დამადასტურებელი ფაქტები არავის წარმოუდგენია. ერმაკთან დაკავშირებულ თემებზე მოკვლევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებს უნდა დაეწყოთ, მაგრამ, გამოძიება არავის დაუწყია. ჩემი აზრით, ამ თემებზე საუბარი საფუძვლიანია იმის გამო, რომ გასული წლის 19 დეკემბერს პრესკონფერენციაზე მსვლელობისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა – ზაფხულში განსახორციელებელი უკრაინული კონტრშეტევის გეგმა კრემლს მაგიდაზე უკვე ჰქონდა.
ფაქტი ისაა, რომ უკრაინული შეტევის გეგმის შესახებ ინფორმაცია გარდა იმისა, რომ ექნებოდა სამხედრო გენშტაბს, ასევე ექნებოდა პრეზიდენტის ოფისს. წრე საკმაოდ ვიწროა, მაგრამ მათგან რომ გაჟონა ინფორმაციამ, ცხადია. ამ წრეებში რა თქმა უნდა, შედის ერმაკიც.
ფაქტი ისაა, რომ უკრაუნული შეტევის გეგმის შესახებ ინფორმაცია გარდა იმისა, რომ ექნებოდა სამხედრო გენშტაბს, ასევე ექნებოდა პრეზიდენტის ოფისს. წრე საკმაოდ ვიწროა, მაგრამ მათგან რომ გაჟონა ინფორმაციამ, ცხადია. ამ წრეებში რა თქმა უნდა, შედის ერმაკიც
უსაფრთხოების სამსახურს უნდა გამოეძია, მაგრამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებშიც რომ კადრები ერმაკის შერჩეულია, ესეც ფაქტია… – ჩვენ გვახსოვს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე აღმოჩნდა რუსების აგენტი. საბედნიეროდ, ახლა ამ სტრუქტურებში საკმაოდ დიდი წმენდა მიმდინარეობს, მაგრამ, სამოქალაქო ინსტიტუტებსა და სტრუქტურებში ასეთი წმენდა არ დაწყებულა.
სამწუხაროდ, სამოქალაქო სტრუქტურებში რუსი აგენტების გამოვლენა უფრო ნელი ტემპის მიმდინარეობს, ვიდრე სამხედრო სტრუქტურებში.
– ვიცი, რომ სამხედრო არა ხართ, მაგრამ, ბოლო ჩვენს საუბარში, რომელიც კურსკის ოლქში უკრაინული ოპერაციის დაწყებას ეხებოდა თქვენ ბრძანეთ – „უკრაინული ძალები იმ რაოდენობით და ისეთი სტრატეგიული ამოცანებით შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, არა მგონია, ის, რაც კურსკის ოლქში ხდება, მალე დასრულდეს“. სამხედრო არც მე გახლავართ, მაგრამ, ამ ოპერაციის დაწყება, მეც გამიკვირდა. დასავლეთმა ბევრი რამ გააკეთა, რომ 4 თუ 5 უკრაინული ბრიგადა მოემზადებინა უკრაინული კონტრშეტევისთვის.
იმის ნაცვლად რომ ეს მომზადებული ხალხი დონბასში გაეშვათ რუსების მიერ ოკუპირებული რაიონების გასათავისუფლებლად, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაიწყეს ოპერაცია.
ფაქტია, რომ კურსკში ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსებს დონბასიდან ძალები არ გადაუსროლიათ კურსში, მეტიც დონბასის მიმართულებაზე მათ გარკვეული წარმატებებიც კი აქვთ.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინული ძალების რუსეთში შესვლის მიზანი დღემდე გაუგებარი რჩება, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინული ძალების დონბასის ნაცვლად კურსკის ოლქში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ კიევში რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ხალხის ლობიზმის შედეგი იყოს?
– კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყების მიზეზებზე პრეზიდენტ ზელენსკის განმარტებებში რამდენიმეჯერ მოხდა ცვლილება. ოპერაციის დაწყების დღეებში იგი ამბობდა, – „რუსეთმა თავის ტერიტორიაზე უნდა იგრძნოს თუ რა საშინელებაა ომი“, შემდეგ, ამბობდნენ რომ ამ ოპერაციამ უნდა აიძულოს რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, და ამ მოლაპარაკებებზე საჭირო იყო უკრაინას ჰქონოდა თავისი კოზირები. ახლა ამბობენ, რომ ამ ოპერაციას უნდა აემაღლებინა უკრაინელთა საბრძოლო განწყობა, რაც ნაწილობრივ სწორია.
მაგრამ, ცხადია ისიც, რომ კურსკში ამ ოპერაციის საბოლოო მიზანი რაა, მართლაც გაუგებარია. უცხოელი სამხედრო სპეციალისტებიც გამოთქვამენ ამ თემაზე თავის მოსაზრებებს. ზოგი ამბობს, რომ საჭიროა ამ ტერიტორიებზე პოზიციების გამაგრება, ზოგი ამბობს, რომ დროა უკრაინა კურსკის ოლქიდან გამოვიდეს.
ახლა აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი ამ ტერიტორიებიდან ემზადებოდა შეტევა მიეტანა ქალაქ სუმსა და სუმის ოლქზე. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდებოდა ხარკოვის მიმართულებაზე ეს ვერსია გამორიცხული არაა. ამ თემაზე გამოთქმულ მოსაზრებებს შორის მე ყველაზე მეტად სარწმუნოდ მიმაჩნია ავსტრალიელი გენერალ-მაიორის მაიკ რაიანის მოსაზრებები. იგი უკრაინის დიდი მეგობარია და ავსტრალიის სენატშიც კი გამოვიდა უკრაინის თემაზე და თავის ქვეყანას უკრაინისთვის მეტი დახმარებისკენ მოუწოდა.
მაიკ რაიანმა ამ თემაზე თქვა – კურსკის ოლქში უკრაინას საკმაოდ დიდი დანაკარგები აქვს. სამწუხაროდ, ამაზე ჩვენთან ცოტას საუბრობენ, მაგრამ ჩვენ ამ ოპერაციაში მართლაც გვაქვს სერიოზული დანაკარგები. იმ ტექნიკის საკმაოდ დიდი ნაწილი, რაც დასავლეთმა მოგვცა, ამ ოპერაციამ შეიწირა, აღარაფერს ვამბობ ცოცხალი ძალის დანაკარგებზე. მისივე თქმით, თუ დანაკარგების რაოდენობა ისევ გაიზარდა, ეს უკრაინისთვის სტრატეგიულად და პოლიტიკურად ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იქნება. იგი ასევე ამბობს, იმისთვის რომ უკრაინამ სამხედრო პოტენციალი არ დაკარგოს და შეინარჩუნოს, უკრაინა უნდა დაუბრუნდეს უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, საიდანაც რუსებმა, შესაძლოა, ოპერაცია დაიწყონ, ან უკრაინა საერთოდ გამოვიდეს რუსეთის ტერიტორიიდან.
იმისთვის რომ უკრაინამ სამხედრო პოტენციალი არ დაკარგოს და შეინარჩუნოს, უკრაინა უნდა დაუბრუნდეს უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, საიდანაც რუსებმა, შესაძლოა, ოპერაცია დაიწყონ, ან უკრაინა საერთოდ გამოვიდეს რუსეთის ტერიტორიიდან
მოკლედ, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უკრაინელების რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა, უკრაინა არა მარტო რესურსებს დაკარგავს, არამედ, ადრე თუ გვიან იქ უკრაინისთვის არასასიამოვნო პროცესები შეიძლება დაიწყოს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსები დონბასში ოპერაციას მეტ-ნაკლები წარმატებით აგრძელებენ, ალბათ მიზანშეწონილი იქნებოდა უკრაინამ უკრაინა-რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში პოზიციები დაიკავოს და დანარჩენი ძალები დონბასში გადაისროლოს. რადგან რუსებს დონბასიდან კურსკში არც ძალები გადაუსროლიათ და არც მოლაპარაკებების მაგიდას მისხდომიან, გადასააზრებელი ის, თუ რა უნდათ უკრაინულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე.
რადგან რუსებს დონბასიდან კურსკში არც ძალები გადაუსროლიათ და არც მოლაპარაკებების მაგიდას მისხდომიან, გადასააზრებელი ის, თუ რა უნდათ უკრაინულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე
– კურსკის ოლქში უკრაინულ ოპერაციასთან დაკავშირებით ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ თვეზე მეტია უკრაინული ძალები შესული არიან რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ, რუსები დღემდე ვერ თუ არ ახერხებენ ერთიანი ფრონტის ხაზის შექმნას კურსკის მიმართულებაზე… ასეთი ვითარება დამატებით კიდევ ბევრ კითხვებს აჩენს… ან ეს ვითარება რუსებს აწყობთ, ან სრულიად გაუგებარია რას აკეთებენ რუსები?
– ჩემი აზრით, კურსკში ვითარების სათავისოდ შემოსაბრუნებლად რუსებს ძალები არ ყოფნის. რუსების ამოცანაა გავიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებზე და ამ მიმართულებაზე ჰყავთ გადასროლილი მთელი თავისი ძალები. რუსებს ორ ფრონტზე ბრძოლისთვის ძალები არ ჰყოფნით. ამიტომაცაა, რომ მათ პრობლემები აქვთ როგორც უკრაინის აღმოსავლეთში, ისე კურსკის ოლქში. ახლა თქვენ რომ გესაუბრებით ასეთი აზრი მომივიდა, რადგან რუსი ოპოზიციონერების საკმაოდ დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა წასული, კარგი იქნებოდა, მათ კურსკის ტერიტორიაზე გამოაცხადონ კურსკის სახალო რესპუბლიკა. რადგან პუტინმა დონბასში შექმნა დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, კარგი იქნებოდა თუ პუტინის ოპოზიცია ამ მიმართულებით გადადგამდა ნაბიჯებს კურსკის ოლქში.
რადგან პუტინმა დონბასში შექმნა დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, კარგი იქნებოდა თუ პუტინის ოპოზიცია ამ მიმართულებით გადადგამდა ნაბიჯებს კურსკის ოლქში
ჩემი დაკვირვებით, ახლა ოპერაცია კურსკის ოლქში ჰაერშია ჩამოკიდებული. ასეა მიუხედავად იმისა, რომ კურსკის ოლქში უკრაინა 1350 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. გამოდის, აგვისტოს თვეში უკრაინამ მეტი რუსული ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთმა უკრაინის.
უკრაინაში სულ უფრო აქტიურად ისმის კითხვა – რა აზრი აქვს უკრაინის მიერ რუსული ტერიტორიების დაკავებას, როცა გასათავისუფლებელია ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული უკრაინის?
ამ მიმართულებებზე როგორ უნდა იყოს უკრაინის შემდეგ ნაბიჯები? ეს კითხვა ახლა ჩვენთან ყველაზე მთავარი და აქტუალურია
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი