შესაძლოა, ევროკავშირმა გაფართოების ანგარიში საქართველოში დაგეგმილ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნოს – შეფასებები

შესაძლოა, ევროკავშირმა გაფართოების ანგარიში საქართველოში დაგეგმილ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნოს. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 დათქმაზე იქნება საუბარი და რაც მთავარია, იქნება რეკომენდაცია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, ევროკავშირმა ანგარიშის გამოქვეყნების საორიენტაციო თარიღად 16 ოქტომბერი დასახა და დიდია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე გამოქვეყნდეს. დოკუმენტზე მუშაობა დაწყებულია და ბრიუსელში გადაწყვეტილება უკვე თითქმის მიღებული აქვთ – საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს შეინარჩუნებს, თუმცა მოლაპარაკებების სივრცე არ გაიხსნება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ეს ანგარიში წლის ბოლოს, დეკემბერში გამოქვეყნდებოდა. შესაბამისად, არსებობდა მოსაზრება, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ელოდებოდა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, დასკვნაში საქართველოს ნაწილში, სავარაუდოდ, იქნება მოლაპარაკებების გადასვლის ეტაპზე უარი, თუმცა დათქმებით და ამის გამოცხადება არჩევნების წინ „ოცნების” პოზიციას სერიოზულად დაარტყამს, ოპოზიციას კი გარკვეულწილად შანსს აძლევს. თუმცაღა, ნაწილის აზრით, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ევროკავშირმა ანგარიში არჩევნების მერე გამოაქვეყნოს, რაც საარჩევნო სიტუაციას და პოლიტიკური ძალების პოზიციებს არსებითად არ შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ ვროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ბოლო ყოველწლიური ანგარიში 2023 წელს 8 ნოემბერს გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულება შეფასდა.

„ბრიუსელში გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია”

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ შესაძლოა საორიენტაციო თარიღი შიცვალოს და ანგარიში არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამოქვეყნდეს, ან სულაც ნოემბერში, მაგრამ გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია.

„16 ოქტომბერი არის თარიღი, როცა ისინი გადაწყვეტილების გამოცხადებას ფიქრობენ, მაგრამ ამ პერიოდში ბრიუსელში სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაა დაგეგმილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ თარიღი შეიცვლება. თუმცა, რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გვაცნობონ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის შესახებ.

„უნდა ითქვას, რომ (ევროკავშირში) ასე არ სახავენ გეგმას და არ აკვირდებიან რომელ ქვეყანაში როდის არის არჩევნები. მათ, რა თქმა უნდა, დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვთ და ბევრი რამ დაწერილია. ახლა დააკვირდებიან არჩევნების პროცესსაც და ხელისუფლების ნაბიჯებსაც, მაგრამ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ იქნება ეს დოკუმენტი დადებითი საქართველოსთვის და ვერ წავა ქვეყანა წინ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად.

„გამოცხადება შეიძლება იყოს 16 ოქტომბერს, შეიძლება იყოს 23 ოქტომბერს, მაგრამ შეიძლება იყოს ნოემბერშიც. თუმცა, როცა არუნდა იყოს, ბრიუსელში გადაწყვეტილება უკვე თითქმის მიღებულია, რომ საქართველო არ მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით. შეინარჩუნებს სტატუსს, მაგრამ არ გაიხსნება მისთვის მოლაპარაკებების სივრცე. როცა არ უნდა იყოს, ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, არ შეიცვლება”, – განაცხადა იოზვიაკმა „ტვ პირველთან”.

როგორი იქნება გადაწყვეტილება – პირდაპირ მკაცრი უარი თუ დათქმებით

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ გადაწყვეტილება 26 ოქტომბრის არჩევნებამდე გამოაცხადეს, სავარაუდოდ, ეს იქნება მოლაპარაკებების გახსნაზე უარი, თუმცა გარკვეული დათქმებით.

„როგორი იქნება გადაწყვეტილება ძნელი სათქმელია, მით უმეტეს, რომ ჩვენი არჩევნების მომენტისთვის ბევრი არაფერი იქნება გარკვეული მსოფლიო არენაზე. ამერიკის არჩევნები მოგვსდევს და ამიტომ, მემგონი, დასკვნაში დიდად გაბედული ნაბიჯები ევროპას არ ექნება, ის ამას მერეც მოასწრებს და ჩემი აზრით, არ უნდა იჩქაროს.

„მგონია, რომ თუ გადაწყვეტილება არჩევნებდმე გამოაცხადეს, მაშინ შესაძლოა იყოს უარი, თუმცა შერბილებული ვარიანტი – გარკვეული დათქმებით. ისე, ლოგიკით, არჩევნების პროცესს და მის შედეგებს ყველა უწევს ანგარიშს და ამიტომ უფრო მგონია, რომ დასკვნა არჩევნების შემდეგ იქნება და არა არჩევნებამდე”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც ფიქრობს, რომ უარი იქნება დათქმებით და დასკვნის არჩევნებამდე გამოცხადება პირდაპირ ნიშანია იმისა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სადაა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, დოკუმენტი რომ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნონ, „ოცნებას” მანიპულაციების საშუალება მიეცემა.

„დათქმები იქნება, არ მგონია კატეგორიული უარი იყოს. ჩემი აზრით, იქ აღწერით იქნება თუ საქართველომ სად, როდის და როგორ გადაუხვია ევროპულ გზას და რომ ევროპისთვის ეს მიუღებელია. ილაპარაკებენ „რუსულ კანონსა” და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე, სადაც აღნიშნული იქნება, რომ საქართველო არღვევს კონსტიტუციას და ა.შ. დასკვნითი ნაწილი კი იქნება ასეთი, რომ დაელოდებიან არჩევნების შედეგებს.

„მემგონი სპეციალურად კეთდება 16 ოქტომბერს (თუ როცა იქნება არჩევნებამდე), რომ არჩევნების კონტექსტს მიუძღვნან, რათა საზოგადოებამ გაიგოს, ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას იმისდა მიხედვით მიიღებს, თუ როგორ მოხდება ხმის მიცემა. ეს დასკვნა რომ არჩევნების შემდეგ ყოფილიყო, „ქართული ოცნება” მანიპულაციებს დაიწყებდა, რომ ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია და ჩვენ ევროპაში მივდივართ. ახლა კი ეს ამომრჩევლისთვის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იქნება, რათა მან იცოდეს, რომ „ოცნება” ევროპისკენ არ მიდის, ევროპა კი ამას ასე აფასებს, თორემ საბოლოო შედეგი იქნება არჩევნების მერე და არა არჩევნებამდე”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშბილმა „რეზონანსთან”.

როგორ და რაზე იმოქმედებს გადაწყვეტულების გამოცხადება არჩევნებამდე

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ნეგატიური გადაწყვეტილება მმართველი პარტიის მომხრეთა პოზიციებში არაფერს არ შეცვლის.

„არ მგონია, რომ ნეგატიურმა გადაწყვეტილებამ არსებითი ცვლილებები შეიტანოს ამომრჩეველში. უკვე დიდი ხანია დასავლეთსა და ჩვენს ხელისუფლებას შორის ეს დაძაბულობა არსებობს, მაგრამ რა რეიტინგებიც ქვეყნდება, დაახლოებით ისეთივეა, როგორც ადრე იყო. ამიტომ მეეჭვება, რომ დარჩენილ დროში მომხდარმა მოვლენებმა არსებითად შეცვალონ დამოკიდებულებები.

„არ მგონია, რომ ევროპიდან პასუხი მკაცრი უარის სახით იყოს. არაა გამორიცხული, რომ ევროპის ასეთმა გამკაცრებამ თვითონ ევროპის მიმართ გაღიზიანება გამოიწვიოს ჩვენს ხალხში. ოპოზიციას კი მდგომარეობა დიდად არ შეეცვლება, რადგან ევროპაზე უარს არც „ოცნება” ამბობს, დეკლარირებული ევროპული კურსი მასაც აქვს. თავად ოპოზიცია იძახის, რომ ევროპაზე ჩვენ ვართ ორიენტირებული და არა „ოცნებაო”, მაგრამ განცხადებებში და პიარ ლოზუნგებში ისევე არის ორიენტირებული დასავლეთზე, როგორც ოპოზიცია. ამიტომაც მეეჭვება, რომ დასავლეთის ნაბიჯებმა ოპოზიციის სასარგებლოდ დიდად იმოქმედოს”,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან”.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშილი კი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროკავშიურის გადაწყვეტილების არჩევნებამდე გამოცხადება ცალსახად და მკაფიოდ ამომრჩევლისკენაა მიმართული.

„ოპოზიცია კრიტიკის ღირსია, მაგრამ ერთადერთი წამყვანი ღირსება ის აქვს, რომ ისინი ცალსახად და მკაფიოდ ევროპულ გზას აღიარებენ. ევროპული გზა არის მშვიდობა, ომის არ არსებობა. „ქართული ოცნება” რომ ყალბად და ცინიკურად იბრალებს – ამდენი წელია მშვიდობა გვაქვსო – ეს იმიტომაა, რომ ევროპის გზაზე ვიდექით. რუსეთის გავლენების ქვეშ რომ ვყოფილიყავით, ომიც იქნებოდა.

„ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ცალსახად და მკაფიოდ ამომრჩევლის მიმართაა, რომ მერე არ თქვან – არ ვიცოდით და გვეგონა, რომ ევროპაში მივდიოდითო. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება ყველამ კარგად უნდა შეინახოს, ვინც ევროპისკენ მიდის და ვინც კი ხმას ამოიღებს, რომ არ მეგონა, რომ ასე რთულად იყო საქმეო, ეს ქაღალდი პირში უნდა ჩასჩარონ – როგორ არ იცოდი, შე კაი კაცო, აგერ გამოცხადებული იყოო. პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ძალიან კარგია, რომ ბრიუსელმა ეს გადაწყვეტილება მიიღო – გამოაქვეყნიოს ეს შეფასება არჩევნებამდე.

„ევროკავშირი დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვის. ქართველმა ხალხმა ეს აჩვენა, რომ მათ დემოკრატიული საქართველო უნდათ. ყირგიზეთმაც მიიღო ეს კანონი, მაგრამ არავის გახსენებია, იმიტომ, რომ ქუჩაში ხალხი არ გამოვიდა. საქართველო გამოვიდა ქუჩაში და ევროპა ჩვენტანაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„თუ „ქართული ოცნების” ამომრჩეველს ევროპა უნდა, წესით „ოცნებას” ხმა არ უნდა მისცეს. მეტი რაღა ქნას „ოცნებამ”, ხალხს რომ გააგებინოს, რომ ევროპა არ უნდა. დასავლეთს ლანძღავენ, დღეს კიდევ ახალი კამპანია წამოიწყეს ამერიკელების წინააღმდეგ და ა.შ. ყველა ნაბიჯზე ტყუილია და ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე მჯერა, რომ „ოცნება” ევროპაში მიდისო, იტყუება”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან”.