წარმოიდგინეთ, რომ გარედან არანაირი მოძრაობა, არჩევნებში გარედან ჩარევის არანაირი მცდელობა არ იყოს, ყველანი ერთად (ოპოზიციური პარტიები) 10%-ს ვერ მიიღებს – გარანტიას გაძლევთ, გარედან რომ არავინ ჩაერიოს, შეიძლება ბარიერი ერთმა პარტიამაც ვერ გადალახოს! – ამის შესახებ მედიასთან დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე იმასაც ამბობს, რომ „ასეთი მაშველი რგოლი ხავსად არის ქცეული“.
„წარმოიდგინეთ, რომ გარედან არავინ ერევა, ასეთ შემთხვევაში ამ აგენტურული პარტიებიდან ერთ პარტიასაც კი შეიძლება ბარიერის გადალახვა გაუჭირდეს. მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე – გარედან განცხადებებზე, გარედან მოქმედებებსა და ასე შემდეგ.
გარედან განცხადებებით, გარედან მოქმედებების შედეგად შეიძლება რეიტინგი ოდნავ აწიონ, მაგრამ შეიძლება მოხდეს პირიქით – როცა ხალხი კარგად გაერკვევა და ჩვენს მიერ კარგად იქნება ინფორმირებული. ასეთი მაშველი რგოლი უკვე ხავსად არის ქცეული და ხავსის დატვირთვას მეტად შეიძენს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.