Reuters: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 1,1 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და უკრაინის მთავრობამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ფონდი ქვეყანას 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმებას წინ რთული მოლაპარაკებები უძღოდა. ახლა ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რაც რამდენიმე კვირაში მოხდება.

„რუსეთის ომი უკრაინაში ქვეყნისა და მისი ხალხის განადგურებას აგრძელებს. პოლიტიკის კარგმა ფორმირებამ, ადამიანებისა და კომპანიების ადაპტაციამ და აგრეთვე საიმედო საგარეო დაფინანსებამ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას ხელი შეუწყო“, – ციტირებს Reuters-ი უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს გევინ გრეის.

ამასთან ერთად, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, უკრაინისთვის რისკები „განსაკუთრებით მაღალი რჩება“. მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება.

კიევი მისი ბიუჯეტის დაახლოებით 60% ჯარის დაფინანსებაზე ხარჯავს და დიდწილად დამოკიდებულია დასავლელი პარტნიორების ფინანსურ დახმარებაზე, რათა პენისები და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები გასცეს, აგრეთვე დაფაროს სოციალური და ჰუმანიტარული პროგრამები.