ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია – ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება შეშფოთებას იწვევს.
„შეერთებული შტატები მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის დემოკრატიას, ამ დემოკრატიული სისტემის საფუძველი კი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ წარსულში, საქართველომ შეძლო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთი ადმინისტრაციისგან მეორესთვის.
ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით… ასევე, ვნახეთ [საქართველოს] პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები.
თუმცა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მაყურებელს ვუთხრათ, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რა მოხდება არჩევნების დღეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმ ხმებზე დაკვირვებას, რომელიც საარჩევნო ყუთში მოხვდება. ეს ეხება მთლიანად ატმოსფეროს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაშინებას, შევიწროებას და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს არჩევნების წინა პერიოდში,“ – განაცხადა კარპენტერმა.
მისივე თქმით, თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.
„ყველა არჩევნები გადამწყვეტია, რადგან თითოეულს დემოკრატიული სულისკვეთებით დემოკრატიული ინსტიტუტების განახლების შესაძლებლობა აქვს.
ამავე პრინციპით, თუ არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ნებისმიერი დემოკრატიული სისტემა შეიძლება დაიშალოს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუ ის, რასაც ოქტომბერში ვნახავთ, თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მაშინ, სამწუხაროდ, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.
არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ასე რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. თუმცა, ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღების შეწყვეტით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროების დასრულებით და ადმინისტრაციული ძალის გამოუყენებლობით იმ დონეზე, რომ ამან აიძულოს ხალხს ხმა მისცეს [კონკრეტულ კანდიდატს].
თუ ეს ქმედებები შეწყდება, მაშინ შეგვიძლია გვქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნები, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, მაშინ პირიქით მოხდება,“ – აღნიშნა მან.