ზელენსკი შესაძლოა, ოქტომბერში სი ძინპინს შეხვდეს – მედია

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მომავალ თვეში შეხვდეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრე ჩალიმ ჩინეთის დიპლომატიური ფორუმის გახსნაზე განაცხადა, წერს Reuters-ი.

სი ძინპინი და ვოლოდიმირ ზელენსკი

მისი თქმით, დიპლომატია პეკინთან გაუმჯობესდა და ლიდერებს შორის შეხვედრა უკვე შესაძლებელია. ჩალიმ ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის მცდელობას, ხელი შეუწყოს ევროპის უსაფრთხოების აღდგენას.

„ახლა ჩვენ ყველანი უკრაინაში ველოდებით გარკვეულ კონტაქტებს, პირდაპირ კონტაქტებს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის“, – განაცხადა ალექსანდრე ჩალიმ.

ჩინეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ევროპული კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა ცუი ჰონგჯიანმა თქვა, რომ ჩინეთი ღიაა, შეუერთდეს მომავალ სამშვიდობო სამიტს, რადგან არ სურს, მისი ძალისხმევა „ფუჭი იყოს“.

„ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მშვიდობას ხელს შეუწყობს”, – განაცხადა მან, როდესაც სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის პერსპექტივაზე კითხვა დაუსვეს.