აშშ-ში ამერიკის 4 მოქალაქე სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ საქმიანობაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის 4 მოქალაქე შეთქმულებაში და აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ უკანონო საქმიანობაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ბრალდებულები – 82 წლის ომალი იეშიტელა, 78 წლის პენი ჰესი, 34 წლის ჯესი ნეველი, ასევე 38 წლის ოგასტეს რომეინი აფრიკის სახალხო სოციალისტური პარტიის ლიდერები იყვნენ. 2018 წელს რომეინი პარტიიდან გავიდა და ჯორჯიის შტატში დაჯგუფება „შავი ურო“ შექმნა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ბრალდებულები 2015-2022 წლებში შეერთებული შტატების ტერიტორიაზე კრემლის ინტერესებში მოქმედებდნენ. ასე, მაგალითად, პენი ჰესმა გაეროს სახელზე პეტიცია შეადგინა, რომელშიც აშშ-ის ხელისუფლებას აფრიკელი ხალხის გენოციდში ადანაშაულებდა. ამ პეტიციას შემდეგ რუსული მედია აქტიურად ავრცელებდა. 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ანუ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, რომეინმა კალიფორნიაში ერთ-ერთი სოციალური ქსელის შენობასთან დემონსტრაცია მოაწყო „პრორუსული შეხედულებების დევნის“ პროტესტის ნიშნად.

დაჯგუფებას ალექსანდრე იონოვი ხელმძღვანელობდა და აფინანსებდა. ის პროკრემლისტური „რუსეთის ანტიგლობალისტური მოძრაობის“ ლიდერია. ასევე იონოვი რუსეთის ოპოზიციურ მედიაზე დასმენებით არის ცნობილი. გამოცემები „მედუზა“ და The Bell იონოვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს. ამერიკაში იონოვს რუსეთის ინტერესებში გავლენის კამპანიის წარმოებაში, მათ შორის აშშ-ის არჩევნებში ჩარევა და ამერიკის მოქალაქეთა გადაბირებაში ედება ბრალი. 2022 წლის ივლისიდან მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები მოქმედებს.

იეშიტეელს, ჰესს, ნეველსა და რომეინს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიებას აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიურო (FBI) აწარმოებს.