ზელენსკი: შემდეგი სამშვიდობო სამიტი ნოემბერში გაიმართება და მასში რუსეთი მიწვეული იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალი გლობალური სამშვიდობო სამიტი 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი და მასში რუსეთის ფედერაცია მიწვეული იქნება. სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამისი განცხადება დღეს, 13 სექტემბერს, გააკეთა, იუწყება Le Monde.

უკრაინის პრეზიდენტი

გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რათა მას წარუდგინოს „გამარჯვების გეგმა“, თუ როგორ უნდა დასრულდეს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი.

აღნიშნულია, რომ ზელენსკის წინადადება მოიცავს „ურთიერთდაკავშირებული გადაწყვეტილებების სისტემას, რომელიც უკრაინას საკმარის ძალას მისცემს, რათა ეს ომი მშვიდობისკენ წარმართოს“.

შეგახსენებთ, როგორც UNIAN-ი წერდა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეორე სამშვიდობო სამიტზე უკრაინა ომის დასრულების დეტალურ გეგმას წარადგენს.

„ჩვენ მოვამზადებთ, როგორც ვთქვით, ომის დასრულების დეტალურ გეგმას. ჩვენ მას მოვამზადებთ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც პირველი სამიტის კომუნიკეს მხარი დაუჭირეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამ კრიზისის ყველა პუნქტზე, რომელიც პუტინმა მოიტანა. შევიმუშავებთ ომის დასრულების ჩვენეულ ვერსიას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.