ვიქტორ ორბანი: გერმანიამ და მისმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საბოლოოდ გამოიღვიძეს და მიგრაციის უარყოფითი შედეგები შენიშნეს

გერმანიამ და მისმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საბოლოოდ გამოიღვიძეს და მიგრაციის უარყოფითი შედეგები შენიშნეს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Politico.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

უნგრეთის პრემიერი გამოეხმაურა გერმანიის მთავრობის მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, სახმელეთო საზღვრებზე დროებითი კონტროლი დააწესოს, რათა ქვეყანაში უკანონო მიგრაცია შემცირდეს.

„საზღვრის დაცვა ბოლო დროს ნეგატიურ სიტყვად იქცა, რადგან ყველა ვალდებული იყო, ქვეყანაში მიგრანტები შეეშვა – ვინც მათ აჩერებს, ის „ცუდი ბიჭია“. ახლა გერმანიამ გაიღვიძა: ტერორიზმი, კრიმინალი, იმ მიგრანტების სოციალური და ფინანსური ტვირთი, რომლებსაც მუშაობა არ სურთ, ეს ყველაფერი იწყებს გერმანელების გამოღვიძებას. კანცლერმაც [ოლაფ შოლცმაც] კი გაიღვიძა, ამიტომ მას ვეუბნები: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში“, რადგან ის საზღვრების დაცვას ითხოვს”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, დასავლელ ევროპელ ლიდერებს მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩათ გადასადგმელი – „თუ ისინი ამბობენ, რომ საზღვრები უნდა იყოს დაცული, არ უნდა დასაჯონ ისინი, ვინც მათ იცავს“.

ივნისში ევროკავშირის სასამართლომ მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში დაკისრებული ზომების შეუსრულებლობისთვის უნგრეთს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ორბანის თქმით, დაჯარიმების ნაცვლად, უნგრეთს თავისი საზღვრების დასაცავად ფინანსური მხარდაჭერა უნდა მიეცეს.