ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი ამბობდა, რომ მზად იყო უკრაინაში ბრძოლასა და სიკვდილისთვის

58 წლის რაიან უესლი რუთმა, რომელიც პოლიციამ დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით დააკავა, უკრაინაში ბრძოლისა და სიკვდილისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

The New York Times-ის ცნობით, 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირაში კაცმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა პოსტი: „მზად ვარ კრაკოვში გადავფრინდე, უკრაინის საზღვარი გადავკვეთო, მოხალისედ წავიდე, ვიბრძოლო და მოვკვდე“.

ანალოგიურ განცხადებებს ის სხვა სოციალურ ქსელებშიც აქვეყნებდა. კერძოდ, Signal-ზე რუთმა დაწერა, რომ „მშვიდობიანმა მოსახლეობამ უნდა შეცვალოს ეს ომი და აღკვეთოს ყველა მომავალი ომი“, WhatsApp-ზე კი წერდა, რომ „ყველა ჩვენგანმა ყოველდღიურად უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად“.

2023 წელს The New York Times-თან სატელეფონო ინტერვიუში კი რუთი უკრაინაში ავღანელი ჯარისკაცების გადაყვანის საკითხს განიხილავდა. გამოცემის ინფორმაციით, ამავე ინტერვიუში რუთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ჰელსინკის კომისიას უნდა შეხვდეს და ორი საათის განმავლობაში შეეცდება დაარწმუნოს კომისიის წევრები, მეტი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა. პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

ბუჩქებში სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი, ორი ზურგჩანთა და ვიდეოკამერა იპოვეს.