საქართველოში ორი ბრიტანული ავიაკომპანია იფრენს

2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი „ბრიტიშ ეარვეისი“ (British Airways) შემოდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. შედეგად, ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან.

2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია.

„„ბრიტიშ ეარვეისი“ 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. „ბრიტიშ ეარვეისი“, „ამერიკან ეარლაინსთან“ (American Airlines) ერთად, გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, „ვან ვორლდის“ (OneWorld) თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა „სკაი თიმისა“ (SkyTeam) და „სტარ ალიანსის“ (Star Alliance) შემდეგ. „ამერიკან ეარლაინსთან“ მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა, „ბრიტიშ ეარვეისის“ მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. „ბრიტიშ ეარვეისი“ მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ (EasyJet) საქართველოდან ფრენებს იწყებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ ვიდეორგოლი მოამზადა, რომელშიც მგზავრებს თბილისში გაფრენას სთავაზობს და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს აცნობს.

ფრენები 2025 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ამ ეტაპზე ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქიდან ფრენებს ლონდონის, მილანისა და ჟენევის მიმართულებით შეასრულებს. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

პირველი ავიარეისი თბილისიდან ჟენევის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან დაიწყება ფრენები ლონდონის ლუტონის აეროპორტისა და მილანის მალპენსას აეროპორტის მიმართულებით ასევე კვირაში ორი სიხშირით.