Reuters: ევროპა უკრაინას ერთ წელზე მეტია, ინდურ იარაღს აწვდის

ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდული საარტილერიო ჭურვები ევროპელმა მომხმარებლებმა უკრაინაში გადაიტანეს. მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელი ვაჭრობის შესაჩერებლად არ ჩარეულა. Reuters-ი ინდოეთისა და ევროპის სამთავრობო და თავდაცვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ასევე, საბაჟო მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად საბრძოლო მასალის გადაცემა ერთ წელზე მეტია, მიმდინარეობს.

ევროპა უკრაინას წელიწადზე მეტია, ინდურ იარაღს აწვდის

ამასთან, ინდოეთის მთავრობისა და თავდაცვის ინდუსტრიის წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ნიუ-დელი უკრაინის მიერ გამოყენებული საბრძოლო მასალის ძალიან მცირე რაოდენობას აწარმოებდა. ერთ-ერთი ოფიციალური პირის შეფასებით, ეს ომის შემდეგ კიევის მიერ იმპორტირებული შეიარაღების მთლიანი მოცულობის 1%-ზე ნაკლები იყო.

იტალია და ჩეხეთი ევროპის იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ინდურ იარაღს უკრაინაში აგზავნიან, – იტყობინებიან ესპანელი და ინდოელი მაღალჩინოსნები, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია Yantra India-ს ყოფილი მენეჯერი, რომლის საბრძოლო მასალასაც უკრაინა იყენებს.

ინდოეთის ოფიციალურმა პირებმა და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინდოეთი სიტუაციას აკვირდებოდა, მაგრამ ევროპაში იარაღის მიწოდების შეზღუდვის მიზნით რაიმე ზომები არ მიუღია.

ინდური წყაროების ცნობით, დელი, რომელიც მსოფლიოში იარაღის უდიდესი იმპორტიორია, ევროპაში მიმდინარე ხანგრძლივ ომს განიხილავს, როგორც იარაღის ექსპორტის სექტორის გაძლიერების შესაძლებლობას.

ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგმა ადრე თქვა, რომ გასულ წელს სამხედრო პროდუქციის ექსპორტმა 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და რომ დელის სურს, 2029 წლისთვის ის დაახლოებით 6 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.

Reuters-ის ცნობით, საბაჟო ჩანაწერები აჩვენებს, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი წლის განმავლობაში, საბრძოლო მასალის სამმა მსხვილმა ინდურმა მწარმოებელმა – Yantra, Munitions India და Kalyani Strategic Systems – მხოლოდ 2,8 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალის ექსპორტი განახორციელა იტალიასა და ჩეხეთში, ასევე, ესპანეთსა და სლოვენიაში, სადაც თავდაცვის კონტრაქტორებმა უკრაინის მიწოდების ქსელში დიდი ინვესტიცია ჩადეს.

2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისამდე კი ეს მაჩვენებელი 135,25 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, მზა საბრძოლო მასალის ჩათვლით, რომლის ექსპორტი ინდოეთმა ოთხ ქვეყანაში დაიწყო.