აშშ-ში მოსამართლის მკვლელობის ბრალდებით შერიფი დააკავეს – The New York Times

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კენტუკის შტატში მოსამართლის მკვლელობის ბრალდებით შერიფი შონ სტაინსი დააკავეს. როგორც The New York Times ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, 43 წლის სტაინსი, რომელიც ლეტჩერის ოლქის შერიფია, ამავე ოლქის სასამართლოს შენობაში შევიდა და თავის კაბინეტში მყოფი კევინ მალინსი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

სასამართლოს შენობა

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა კამათი. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია უთანხმოება.

„სროლა დაახლოებით 14:55 საათზე, სასამართლოს შენობაში მოხდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ შონ სტაინსი პოლიციას თავად ჩაბარდა. ის ახლა ადგილობრივ საპატიმროში იმყოფება და მკვლელობის ბრალდება უკვე წაყენებული აქვს.

როგორც The New York Times წერს, მას შემდეგ, რაც შონ სტაინსი შერიფი გახდა, ის ორ საქმეზე იყო ბრალდებული თუ მოპასუხე.

კერძოდ, 2020 წელს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა შერიფის ოფისის ყოფილი თანამშრომლის სარჩელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ შონ სტაინსმა შერიფად დანიშვნის შემდეგ, ის სამსახურიდან იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ ამ პოსტზე სხვა კანდიდატს დაუჭირა მხარი.

მიმდინარე თვეში, სტაინსს აგრეთვე უფლებამოსილება შეუჩერეს სხვა მიმდინარე საქმის გამო, რომელიც ეხებოდა შერიფის ყოფილ მოადგილეს, რომელსაც პატიმარზე სექსუალურ ძალადობაში ედებოდა ბრალი.

„სტაინსმა თავისი მოადგილე ბენ ფილდსი 2022 წელს, სარჩელის შეტანიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გაათავისუფლა თანამდებობიდან“, – წერს გამოცემა.