EU-მ სახელმწიფოებს, რომლებსაც რომის სტატუტი აქვთ რატიფიცირებული, მოუწოდა, აღასრულონ პუტინის დაკავების ორდერი

ევროკავშირმა იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც რომის სტატუტი აქვთ რატიფიცირებული, მოუწოდა, აღასრულონ თავიანთი ვალდებულება და თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რომელიმე ამ სახელმწიფოს საზღვარს გადაკვეთს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე, დააკავონ ის.

ვლადიმერ პუტინი

როგორც Укринформ წერს, შესაბამისი განცხადება ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.

როგორც ევროკავშირში აცხადებენ, ღრმად შეშფოთებული არიან უკრაინელი ბავშვებისა და სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ბედით, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ გადაასახლა.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს და ბელორუსიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ უკრაინაში მათი უსაფრთხო დაბრუნება“, – ნათქვამია EU-ს განცხადებაში. 

ჰააგის სასამართლომ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერები სწორედ ომის დანაშაულის სავარაუდო ჩადენაზე, კერძოდ, მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო გამოსცა.