Bloomberg: „გამარჯვების გეგმა“ გულისხმობს უკრაინის ნატოში მიწვევას და იარაღის მიწოდების გარანტიას

ეგრეთ წოდებული „გამარჯვების გეგმა“, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სავარაუდოდ წარუდგენს ჯო ბაიდენს მომავალ კვირას, მოიცავს უკრაინის მიწვევას ნატოში გაწევრიანების შესახებ და აშშ-ის ვალდებულებებს თანამედროვე შეიარაღების მუდმივი მიწოდების შესახებ, – ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

Bloomberg-ის ცნობით, ნატოს წევრობის მოწვევისა და იარაღის მიწოდების გარდა, „გამარჯვების გეგმა“, ასევე, მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მკაფიო გზის განსაზღვრას და სხვა შეთანხმებებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.

სავარაუდოდ, ზელენსკი ბაიდენს გეგმის დეტალურ ვერსიას წარუდგენს, როდესაც ისინი 26 სექტემბერს ვაშინგტონში შეხვდებიან. მას, ასევე, სურს გააცნოს ის პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარის და დონალდ ტრამპს.