ეზუგბაია რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს

რეგულაციებსა და მის აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინდელი და დღევანდელი მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყანაში არის ინფიცირებულების მატება, რაც არსებული რეგულაციების კონტროლს ითხოვს. რეგულაციებსა და მის აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. თავყრილობა იმაზე მეტი, რომელიც რეგულაციის დაცვას საჭიროებს, საშიშროებას წარმოადგენს.

ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდება. ჩვენ ვფიქრობთ რომ ასეულები არ განვითარდეს. სამი, ოთხი და ხუთი ათეული არის ის მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”