ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

ჯერჯერობით, შეერთებულ შტატებს რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის ნებართვა არ მიუცია. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა, იუწყება „ამერიკის ხმა“.

ჯო ბაიდენი

„არა!“, – განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე, გადაწყვიტა თუ არა, რომ უკრაინას რუსეთის სამიზნეებზე დარტყმებისთვის დასავლური რაკეტების გამოყენების ნებართვა მისცეს.

როგორც „ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა იარაღის გამოყენებაზე უკრაინამ ნებართვა მიიღოს. უკრაინას უკვე აქვს ფრანგულ-ბრიტანული წარმოების Storm Shadow/SCALP-ის საკრუიზო რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი დაახლოებით 300 კილომეტრია. თუმცა, ვინაიდან ამ რაკეტების გამოყენება შესაძლებელია ზოგიერთი ამერიკული ტექნოლოგიების წყალობით, კიევს სჭირდება არა მხოლოდ ლონდონისა და პარიზის, არამედ ვაშინგტონის თანხმობა.