„გამარჯვების გეგმა“, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე წარუდგენს, რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციის გაგრძელებას ითვალისწინებს.
როგორც The Sunday Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, გეგმაში კურსკის ოპერაციის გარდა კიდევ 3 პუნქტია:
- დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა;
- „სპეციფიკური“ თანამედროვე იარაღის მოთხოვნა;
- უკრაინის დანგრეული ეკონომიკისთვის საერთაშორისო ფინანსური დახმარება.
ოფიციალურად ზელენსკის გეგმა გასაჯაროებული არ არის. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დეტალებზე მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს. ასევე, ცნობილია, რომ ზელენსკი აპირებს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს – კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპსაც გააცნოს.
ზელენსკი აშშ-ში 22 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ის 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვა სიტყვით, მეორე დღეს კი ბაიდენს შეხვდება.