დავით უსუფაშვილი პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე – გაეროს ასამბლეაზე 208-210 ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს და იქ ვიღაცებს ხელს ჩამოართმევენ და გვეტყვიან – „აი, ჩვენ გვყავს მეგობრები!“

ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, შეუქცევადად ქვეყნის დაზიანების გზაზე დგას. ბევრმა მოახერხა თავის დასანქცირება და ბევრსაც ელის. ეს ქვეყნისთვისაც ცუდი ამბავია იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ძალისხმევა, რომ ქვეყნისა და ერის ავტორიტეტი გავზარდოთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტსა და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტით მმართველ პარტიას სურს წარმოაჩინოს, რომ მათთვის „მსოფლიოში გზები დაკეტილი არ არის“.

„ის [ირაკლი კობახიძე] ჩავიდა აშშ-ში, იმ მესიჯებით – გლობალური ომის პარტიის შუაგულში ჩამოვედიო – ასე ეძახის იმ ხალხს ვისთანაც ჩავიდა. მათ სურთ გამოჩნდნენ და წარმოჩნდნენ, რომ მსოფლიოში გზები მათთვის დაკეტილი არ არის.

გაეროს ასამბლეაზე 208-210 ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს და იქ ვიღაცებს ხელს ჩამოართმევენ და გვეტყვიან – „აი ჩვენ გვყავს მეგობრები!“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ბევრი შეცდომა დაუშვა, რომლის გამოსწორებასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება, თუმცა მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში „ქართული ოცნება“ რაიმე გამოუსწორებელ შეცდომას ვეღარ დაუშვებს.

„მათ ძალიან ბევრი ისეთი რამ ჩაიდინეს, რაც გამოსწორებადია, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ახლა თუ ელჩების გამოწვევა დაიწყება, ეს იქნება მორიგი ნაბიჯი არასწორი მიმართულებით, მაგრამ ამასაც გამოვასწორებთ.

გაიხსენეთ მათი დამოკიდებულება ევროპელი კოლეგებისადმი, როცა აქ ჩამოსულებს შეხვედრაზე უარს ეუბნებოდნენ. ეს ლოგიკურია, თუ მათ ნაკლები ხალხი შეხვდება, თან როდესაც საუბარია სანქციებზე, მაშინ ხელის ჩამორთმევა ნაკლებად ხდება ხოლმე. ეს არც ქვეყნისთვის არის კარგი, მსოფლიო საზოგადოება ხედავს ამას და მათ უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველო არ არის ის, ვისაც ახლა ხელისუფლებაში ხედავენ“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.