დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „მაფიოზური სახელმწიფოს“ მართვაში დაადანაშაულა და იგი მონათმფლობელს შეადარა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „მაფიოზური სახელმწიფოს“ მართვაში დაადანაშაულა და იგი მონათმფლობელს შეადარა. ამის შესახებ Politico იუწყება.

დევიდ ლემი და ვლადიმერ პუტინი

ლემიმ ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენელს უთხრა: „ჩვენ ვიცით, ვინ ხართ თქვენ“.

ბრიტანელმა მინისტრმა გაიხსენა მონათმფლობელობის მემკვიდრეობა და პუტინი უკრაინაში შეჭრის გამო გააკრიტიკა. ლემიმ რუსეთის მთავრობა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

„თქვენი შეჭრა მხოლოდ თქვენსავე ინტერესებშია, რათა თქვენი მაფიოზური სახელმწიფო მაფიოზურ იმპერიად აქციოთ, იმპერიად, რომელიც კორუფციაზე იქნება აგებული. ბატონო პრეზიდენტო, მე ვსაუბრობ არა მხოლოდ, როგორც ბრიტანელი, როგორც ლონდონელი და საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ აქ ვდგავარ ასევე როგორც შავკანიანი კაცი, რომლის წინაპრებიც აფრიკიდან ჯაჭვებით წაიყვანეს, იარაღის მუქარით, რათა მონები ყოფილიყვნენ და რომლის წინაპრებიც აჯანყდნენ და იბრძოდნენ მონების დიდ აჯანყებაში. იმპერიალიზმი – ვიცნობ მას, როცა ვხედავ და მე მას ვუწოდებ იმას, რაც არის“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.