დანიის პრემიერმა დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა, მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიების დათმობაზე არ ისაუბრონ – Politico

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა, მშვიდობის სანაცვლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების დათმობაზე არ ისაუბრონ. დანიის პრემიერის განცხადებას Politico ციტირებს.

დანიის პრემიერ-მინისტრი

ფრედერიქსენი დარწმუნებულია, რომ დასავლეთს ნათლად უნდა ესმოდეს რუსეთის განზრახვები.

„ნამდვილად გჯერათ, რომ რუსეთი უბრალოდ იტყვის: „კარგი, გმადლობთ“ და სხვას არაფერს გააკეთებს? მე არ მჯერა. ჩვენ ერთ დღეს უნდა ვუბიძგოთ რუსეთს, მშვიდობაზე მოლაპარაკებებს დათანხმდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რუსეთის სურვილით, რომ მშვიდობა ნამდვილად დადგეს“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.

ფრედერიქსენმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურს, მეტი გაიგოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ შესახებ და დაამატა: „ევროპაში არცერთ ჩვენგანს არ მოუთხოვია ომი“.

ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა მოწოდებებს, რომ უკრაინას რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლება მიეცეს.

„არ მგონია, რომ უკრაინა შეძლებს ამ ომის მოგებას, თუ ჩვენ მას რაღაც უფრო მძლავრს არ მივცემთ, რაც გულისხმობს შეზღუდვების მოხსნას და მისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყველაფერი ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს არის ცვლილება, რომელიც საჭიროა“, – თქვა მან.