უნგრეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვს შეხვდნენ

უნგრეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდნენ.

უნგრეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვს შეხვდნენ

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუს კოლეგასთან მოლაპარაკებები ნიუ – იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართა და მასთან სხვა საკითხებთან ერთად ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში სლოვაკეთის ინტერესები განიხილა.

მისივე თქმით, სერგეი ლავროვს რუსული მხარის თხოვნით შეხვდა.

„ასევე, უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით სლოვაკეთის თანმიმდევრული პოზიცია კიდევ ერთხელ გავიმეორე, ხაზი გავუსვი საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობას“, – აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უნგრეთის „მშვიდობის მიმართ პოზიცია“ კიდევ ერთხელ დაადასტურა და „ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ომის დასრულების იმედი“ გამოთქვა.