თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი პენსილვანიის იარაღის ქარხანაში, საკვანძო საარჩევნო შტატში, არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას. მან რესპუბლიკელებს მოუწოდა, უარი თქვან გამოძიების მოთხოვნაზე, ვიზიტის სავარაუდო პოლიტიკური ხასიათის გამო.
კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ მოითხოვა ქარხნის მონახულება, სადაც ამერიკელი მუშები არიან დასაქმებული. მისი თქმით, ეს ომის დროს უკრაინელების მხრიდან ჩვეულებრივი თხოვნაა.
„ნება მომეცით, აგიხსნათ, რადგან ვიცი, რომ ამაზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ. უკრაინელებმა მოინახულეს ობიექტი, სადაც დასაქმებული არიან ამერიკელი მუშები, რომლებიც, როგორც მოგეხსენებათ, აწარმოებენ კრიტიკულ პროდუქტებს, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები თავისუფლების ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად იყენებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ამას ცენტრალური მნიშვნელობა აქვს მათთვის, მათი ქვეყნის არსებობისთვის, ეს იდეა უკრაინელებისგან წამოვიდა და არა ჩვენგან“, – ხაზგასმით აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის იუტაში ორი თვის წინ მსგავსი ვიზიტი ჰქონდა.
„სულ რაღაც ორი თვის წინ პრეზიდენტი ზელენსკი ეწვია იუტას და მსგავსი ღონისძიება გამართა რესპუბლიკელ გუბერნატორთან ერთად. ამ ღონისძიებას „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და გამოძიების ჩატარებაზე არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა. ამიტომ რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში მოვუწოდებთ, უარი თქვან ამ პოლიტიკურ ტრიუკზე“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რესპუბლიკელებმა აშშ-ის კონგრესში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.
ისინი ფიქრობენ, რომ ზელენსკიმ თავისი ვიზიტით მხარი დაუჭირა დემოკრატებს ნოემბრის არჩევნების წინ და ამით არჩევნებში ჩაერია.
წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის ჯეიმს კომერის თქმით, კომიტეტი ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციას მცდელობა, გამოეყენებინა ზელენსკი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიის ხელშეწყობისთვის.
ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მას ვაშინგტონში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა. ჯონსონი უკრაინის ელჩს აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.